Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯებ ბუშის შანსები საპრეზიდენტო არჩევნებზე


განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქით“ გავრცელდა, ჯებ ბუშმა თქვა, რომ ის აქტიურად განიხილავს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მან ასევე აღნიშნა, რომ ამის თაობაზე ნოემბრის ბოლოს ოჯახსაც ესაუბრა, როცა ისინი მადლიერების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. მამამისი, უფროსი ჯორჯ ბუში 1989-93 წლებში შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო. ჯების ძმა კი -უმცროსი ჯორჯ ბუში- ქვეყანას ორი ვადით, 2001-2009 წლებში მართავდა.

ჯებ ბუში წარსულში ფლორიდის შტატის გუბერნატორი იყო და ამჟამად რესპუბლიკული პარტიის მრავალრიცხოვან ფავორიტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კანდიდატია. ახლახან მან საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობის შესაძლებლობაზე მაიამის ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„რაც ვიყავი, ის ვარ. მჯერა რეფორმების, როცა რაიმე არ მუშაობს. მჯერა მცირე ზომის მთავრობის და ამ წარმატებული ქვეყნის გაძღოლის თავისუფალი ნების. დაზიანებული საემიგრაციო სისტემის გამოსწორებას ამ ყველაფრის შემადგენელ, კრიტიკული მნიშვნელობის საკითხად ვთვლი“ - განაცხადა ჯებ ბუშმა. ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ ისეთი საპრეზიდენტო კამპანიის სჯერა, რომელსაც დიდი და გულწრფელი იდეები აქვს. მათ ასრულებას კი თავდაჯერება და რწმენით სავსე ჩართულობა სჭირდება.

რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო ნომინანტების შესახებ ჩატარებულ ერთ-ერთ ბოლო გამოკითხვაში ჯებ ბუში 14 პროცენტით მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი 19 პროცენტით ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიტ რომნიმ დაიკავა.

პოლიტოლოგი ჯონ ფორტიერი ვაშინგტონის ორპარტიული პოლიტიკის ცენტრიდან ამბობს, რომ შესაძლოა ჯებ ბუშის განცხადებამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს და ნომინირების სურვილი დანარჩენმა პრეტენდენტებმაც გამოთქვან. „რესპუბლიკელებს პარტიის სხვადასხვა, მრავალფეროვანი მიმდინარეობიდან დიდი არჩევანი ექნებათ. ცოტა გაუგებარია, ამდენი კანდიდატიდან ლიდერად ვინ გამოიკვეთება“ - ამბობს ის.

ჯებ ბუშს ქვეყნის მასშტაბით მაღალი ცნობადობა აქვს და ფლორიდის შტატში საარჩევნო კამპანიის წარმატებული მართვის და ფონდების მოზიდვის გამოცდილებაც, სადაც მან არჩევნები ორჯერ მოიგო. თუმცა, 2002 წლის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიუღია. თუკი ჯებ ბუშმა საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობა საბოლოოდ გადაწყვიტა, რესპუბლიკურ პარტიაში მისი კონკურენტები სავარაუდოდ სხვებთან ერთად იქნებიან: ნიუ ჯერსის გუბერნატორი კრის კრისტი, ტეხასის სენატორი ტედ კრუზი, ტეხასის გუბერნატორი რიკ პერი და კენტუკის სენატორი რენდ პოლი.

რესპუბლიკელთა ნომინაციის მოპოვების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული საპრეზიდენტო არჩევნებზე ისევ ბუშების და კლინტონების ოჯახების დაპირისპირება ვიხილოთ, როგორც ეს 1992 წელს მოხდა. მაშინ ბილ კლინტონმა ჯებ ბუშის მამა, უფროსი ჯორჯ ბუში დაამარცხა.

ბილ კლინტონის მეუღლე, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ წამყვან კანდიდატად განიხილება. თუმცა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არც მას მიუღია.

XS
SM
MD
LG