Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარიაშენის სასოფლო-სამეურნეო მიწას რუსეთის მესაზღვრეები იტაცებენ


რუსეთის მესაზღვრეების სამხედრო ქალაქი არცევში
რუსეთის მესაზღვრეების სამხედრო ქალაქი არცევში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში ადგილობრივ გლეხებს რუსეთის მესაზღვრეები საკუთარ ნაკვეთში აღარ უშვებენ. სოფელში ინციდენტიც მოხდა: მესაზღვრეებმა ერთი ადამიანი დააკავეს, თან წაიღეს სახნავი ტექნიკა და ჯარიაშნელებს მავთულხლართებთან ახლოს მუშაობა აუკრძალეს. დაახლოებით ერთ საათში დაკავებული გაათავისუფლეს. ამ ფაქტით სოფლის მოსახლეობა შეშფოთებულია და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოითხოვს. ჯარიაშენის მცხოვრები მზიური გოგიაშვილი აცხადებს, რომ სოფელმა კიდევ 35 ჰექტარი მიწა დაკარგა. მისი თქმით, მესაზღვრეები ფულსაც ითხოვდნენ.

სოფელი ჯარიაშენი ოკუპირებულ ოსურ სოფელ არცევს ესაზღვრება. არცევში რუსეთის მესაზღვრეებს სამხედრო ქალაქი აქვთ აშენებული. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჯარიაშენის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში მათ მავთულხლართები გაავლეს და ათობით ჰექტარი მიწა მიიტაცეს. მავთულხლართები ყველგან არ არის გავლებული და მესაზღვრეები სოფელში შემოსვლას დაუბრკოლებლად ახერხებენ. ბოლო ინციდენტის დროს მათ პრეტენზია კიდევ 35 ჰექტარ მიწაზე გამოთქვეს. ჯარიაშნელების თქმით, წელი ისე არ გავა, რომ მესაზღვრეებმა მავთულხლართები ახალ ტერიტორიებზე არ გაავლონ და მიწა არ მიიტაცონ.

ჯარიაშენში გორის გამგებლის წარმომადგენელი დავით ტატიაშვილი აცხადებს, რომ ინციდენტი მშვიდობიანად ამოიწურა, მაგრამ ფერმერების ნაწილს საკუთარ ბაღ-ვენახებში გადაადგილება უკვე აკრძალული აქვთ.

ადგილობრივი მოსახლეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს პოლიციური საგუშაგოს დამატებას სთხოვს, რათა ადგილობრივმა გლეხებმა საკუთარ ნაკვეთებში უსაფრთხოდ იმუშაონ.

XS
SM
MD
LG