2017 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8,3 მილიარდი ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,1 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი 5,6 პროცენტით გაიზარდა. საინტერესოა, რომ მშპ-ს კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის სექტორში, რომელშიც გასული წლების მანძილზე ყველაზე მაღალი სახელმწიფო ინვესტიციები აღინიშნა. გასულ წელს, ჯამში, სოფლის მეურნეობის სფეროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 321 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. წელს ამ მიმართულებით 83 მილიონი ლარით ნაკლებია გათვალისწინებული, თუმცა ეს ეხება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტს. ამას ემატება სხვადასხვა პროექტი, რომელთაც დონორები სოფლის მეურნეობის ევროპულ სტანდარტთან დაახლოებისთვის ახორციელებენ. ბოლო 4 წელიწადში სახელმწიფო პროგრამებითა თუ საერთაშორისო დონორების დაფინანსებით სოფლის მეურნეობაში, დაახლოებით, 1,5 მილიარდი ლარი დაიხარჯა. ამ სიტუაციაში ის ფაქტი, რომ 2017 წელს სოფლის მეურნეობაში 0 %-ია პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი კი არის 1.5 პროცენტი, რეალურად დაფიქრებას საჭიროებს. პრიორიტეტების გადახედვა და დანახარჯის ეფექტიანობის შესწავლაა აუცილებელი.
რაც შეეხება სხვა მიმართულებებს: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,6 პროცენტი) და ვაჭრობა (15,3 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,4 პროცენტი), მშენებლობა (9,6 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7,8 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,7 პროცენტი).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (21,6 პროცენტი), კავშირგაბმულობა (11,5 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (8,7 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8,0 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (7,9 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (6,8 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,6 პროცენტი), ტრანსპორტი (5,2 პროცენტი). კლება კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ,სოფლის მეურნეობასა (-1.5 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობაში (-1,3 პროცენტი) დაფიქსირდა.
მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზეხორციელდება. შესაბამისად, აუცილებელი ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური დაზუსტება წლიური მონაცემების გათვალისწინებით. წლიური მონაცემები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური მონაცემებისაგან. გასული წლის წლიური მონაცემების მიღებასთან ერთად, ხელახლა ითვლება მიმდინარე წლის კვარტალური მონაცემებიც. თუმცა ეს მონაცემები წარმოდგენას ქმნის ძირითად ტენდეციებზე.