გასულ კვირაში (23 აგვისტოს) მოსკოვში გარდაიცვალა ივან სკრიპნიჩენკო – აქტივისტი, რომელიც სხვა მოხალისეებთან ერთად, ხშირად მორიგეობდა მსოფლიოში, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არაოფიციალურ მემორიალთან. მემორიალი მდებარეობს მოსკოვის ცენტრში იმ ადგილას, სადაც 2015 წელს მოკლეს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბორის ნემცოვი. რა გახდა ივან სკრიპნიჩენკოს სიკვდილის მიზეზი, ჯერ არ დაუდგენიათ, მაგრამ ცნობილია ის, რომ აქტივისტი – გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე – სწორედ ბორის ნემცოვის მემორიალთან სცემეს.
ივან სკრიპნიჩენკოს ქვრივს, ოლგას, მისივე თქმით, ბევრჯერ უთხოვია ქმრისთვის, შეშვებოდა ნემცოვის მემორიალთან მორიგეობას. იქ ყოფნას რა საფრთხე უკავშირდებოდა და უკავშირდება, საიდუმლო არ არის. მას შემდეგ, რაც 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში მოკლეს ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი და მისმა მხარდამჭერებმა მკვლელობის ადგილას – კრემლის მახლობლად მდებარე დიდ მოსკვორეცკის ხიდზე – სახელდახელოდ მოაწყეს მემორიალი, ის ბევრჯერ იქნა დარბეული.
„რამდენს ვეჩხუბებოდი, იქ ნუ წახვალ-მეთქი! არ გინდა-მეთქი! ამბობდა, წესიერი ადამიანი ვარ და არ შემიძლია, არ ვიაროო. ამბობდა, მნიშვნელოვანია იქ წასვლა, ნემცოვის ხსოვნის დაცვაო“, – უთხრა ოლგა სკრიპნიჩენკომ რადიო თავისუფლების რუსულენოვან სამსახურს 25 აგვისტოს.
მანამდე, 10 დღით ადრე, 15 აგვისტოს მოხდა ის, რისიც ოლგა სკრიპნიჩენკოს ეშინოდა, რის გამოც სთხოვდა ქმარს, ნუ იმორიგევებ ნემცოვის მემორიალთანო. ივან სკრიპნიჩენკო მოსკვორეცკის ხიდზე მემორიალთან იდგა, როცა დაუდგენელმა პირმა სახეში დაარტყა და ცხვირი გაუტეხა. თვითმხილველები როგორც ამბობენ, თავდამსხმელი ყვიროდა: შენ რა, პუტინი არ გიყვარსო?
ინციდენტის შემდეგ სკრიპნიჩენკომ მალევე მიმართა პოლიციას, ექიმებმაც იმავე საღამოს გასინჯეს.
„ყველაფერი კარგად იყო! დადიოდა ტრავმატოლოგიის ცენტრში, რენტგენი გადაუღეს. ტვინის შერყევა, თითქოს, არ ჰქონდა. ჩვენი ექიმების დიაგნოზი იყო. და წავიდა საავადმყოფოში ცხვირის ტრავმის გამო ოპერაციაზე. უთხრეს: ოპერაცია სულ ნახევარი საათი გაგრძელდება, ნუ გეშინია, არაფერიაო. ოპერაცია რომ გაუკეთეს, ცუდად გახდა და გარდაიცვალა, საავადმყოფოში“, – ჰყვება ოლგა სკრიპნიჩენკო. მისი მეუღლე თავდასხმიდან რვა დღეში, 23 აგვისტოს დილას გარდაიცვალა მოსკოვის სკლიფოსოვსკის კლინიკაში.
ივან სკრიპნიჩენკოს ძალიან სასიამოვნო, გულისხმიერ ადამიანად მოიხსენიებს აქტივისტი ანდრეი მარგულევი: „მემორიალთან მორიგეობაზე ყოველთვის რაღაცას მოიტანდა ხოლმე, ღვეზელს ან სხვა პროდუქტებს. ყველას სთავაზობდა! ძალიან მშვიდი ადამიანი იყო. დარწმუნებული იყო იმ საქმის სისწორეში, რომელსაც აკეთებდა. როგორც მისგანვე მსმენია, პარტია „იაბლოკოს“ წევრი იყო“.
მართალია, ჯერ არ დაუდგენიათ, თავდასხმისას მიღებულმა ტრავმამ გამოიწვია თუ არა ივან სკრიპნიჩენკოს სიკვდილი, მაგრამ აქტივისტის თანამოაზრეებისათვის ის უკვე გახდა ნემცოვის მემორიალის დაცვასთან დაკავშირებული საფრთხის ტრაგიკული სიმბოლო.
„თავდასხმები რეგულარულად ხდებოდა, მემორიალთან მორიგეებს ხელებს უგრეხდნენ, ტერფებზე ურტყამდნენ, ნივთებს ართმევდნენ. ყველაფერი ხდებოდა, მაგრამ ასეთი რამ – პირველად... იცით, ძალადობას, ალბათ, რაღაცამდე უნდა მივეყვანეთ“, – უთხრა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს აქტივისტმა თამარა ლუგოვიხმა, როცა 25 აგვისტოს მორიგეობდა მოსკოვში, ნემცოვის მემორიალთან.
მანამდე, ივლისში მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ბორის ნემცოვის მკვლელობასთან კავშირში მსჯავრდებულ ხუთ მამაკაცს. მაგრამ ნემცოვის ახლობლები, მათ შორის, ქალიშვილი ჟანა და ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ მკვლელობა არ გახსნილა, რადგან არ დაუდგენიათ ორგანიზატორების თუ შემკვეთების ვინაობა.
მემორიალის გარშემო დაპირისპირება ნემცოვის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ მალევე, რამდენიმე კვირაში დაიწყო. მემორიალს ხან კრემლის მომხრე აქტივისტები არბევენ, ხან კიდევ მოსკოვის საქალაქო სამსახური „ასუფთავებს“: მიაქვთ მოკლული პოლიტიკოსის სურათები, მკვლელობის ადგილას მიტანილი სანთლები, ყვავილები. წელს, 26 თებერვლის საღამოს, პოლიციელებმა ექვსი ადამიანი დააკავეს მემორიალთან მას შემდეგ, რაც მოსკოვის ცენტრში 15 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში ბორის ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემად.
„ამ წლების განმავლობაში მემორიალი კვლავაც არ არის დაკანონებული. გრძელდება ხელისუფლების მიერ მისი გაუთავებელი დარბევა. არ დაუკავებიათ არც ერთი თავდამსხმელი: არათუ სასჯელი არ შეუფარდებიათ, არც კი დაუკავებიათ! და ახლა სიკვდილი“ ... – წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი, ნემცოვის მემორიალის დამცველის, 36 წლის ივან სკრიპნიჩენკოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით.