8 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი. მან გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები და ილაპარაკა იმ გზაზე, რაც საქართველომ გაიარა 7 ნოემბრის ჩიხამდე და მას შემდეგ. ზვიად ქორიძე თვლის, რომ ათი წლის წინანდელი გაკვეთილები ჯერ კიდევ სასწავლია და ეს ეხება: დემოკრატიის გაგებას, პოლიტიკური კლასის მოუმზადებლობას სხვადასხვა გამოწვევის წინაშე აღმოჩენისას, საზოგადოების დაკვეთის სწორად ჩამოყალიბებას. ზვიად ქორიძე თვლის, რომ მაშინდელი მოვლენების სრულად რაციონალურად გააზრება კვლავაც შეუძლებელია, თუმც კი - აუცილებელი დემოკრატიის განვითარებისთვის. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ საპროტესტო მუხტი დღესაც გროვდება, ის ყოველთვის პოულობს კონკრეტულ დროსა და სივრცეს, ეს უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ - "საზოგადოება ყოველთვის მზად არის განიმუხტოს, მთავარია, ხელისუფალი იყოს მზად", ამბობს ზვიად ქორიძე და თვლის, რომ არამდგრადი დემოკრატიის პირობებში ყოველთვის ცოცხლობს 1937 წლის ქიმერა. "კეთილდღეობა ევროპაში არ მოაქვს ვიღაც ბიზნესმენს, რომელსაც აქვს ბევრი ფული და მერე უნაწილებს ადამიანებს. კეთილდღეობა ევროპაში არ დგას ქველმოქმედებაზე, კეთილდღეობა ევროპაში არ დგას ოლიგოპოლიებზე და კეთილდღეობა ევროპაში არ დგას შიშზე ყველა განსხვავებულის - "სხვის" მიმართ. ევროპაში სწორედ დემოკრატიულ ფასეულობებზე დგას კეთილდღეობა", - უთხრა "დილის საუბრებს" ზვიად ქორიძემ.