Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ზურაბ ბენდიანიშვილი


27 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიციის "დევნილთა უფლებებისთვის" თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ვითარებაზე რომელიც ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის დაუზუსტებელ გარემოებებში გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ამ დრომდე აყოვნებს ცხედრის გადმოცემას. ზურაბ ბენდიანიშვილმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ვითარებას ძაბავს ცხედრის გადმოცემის დაყოვნება. "დილის საუბრების" სტუმარი ფიქრობს, რომ ამ ვითარებაში აქციების გამართვა, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს პროცესის გაჭიანურებას და უნებლიეთ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის ინტერესს მოემსახურება: "უნდა გავაცნობიეროთ მომხდარი და მეტად მოთმინებით შევხვდეთ ამ ამბავს იმ თვალსაზრისით, რომ დაღუპულის ოჯახს ტკივილი არ გავუხანგრძლივოთ და დროზე გადაეცეთ ცხედარი", - ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი, რომელიც განასხვავებს მომხდარს და მაგალითად, მავთულხლართების გაბმის საპასუხოდ გამოხატულ პროტესტს, რომელსაც ის თავის დროზე ყველაზე ჯანსაღ რეაქციადაც აფასებდა. სტუმარი ლაპარაკობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ განუკითხაობის გარემოზე, რომელიც შექმნა საოკუპაციო რეჟიმმა ანატოლი ბიბილოვის მეთაურობით. რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილს, ზურაბ ბენდიანიშვილი ყვება, რომ მას ჰქონდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის სპეციალური საშვი, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი იოლად არ გასცემს და მით უმეტეს არ გასცემს პირზე, ვისაც საფრთხის წყაროდ თვლის. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ მომხდარს ძალიან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა თავად ცხინვალში და მას საზოგადოების ნაწილი მკვლელობად აფასებს და "ბიბილოვის მიერ ასაკენკად გადმოგდებული არგუმენტები არ არის მისაღები". რაც შეეხება ექსპერტიზას, ზურაბ ბენდიანიშვილი აბსურდად თვლის და დროის გაჭიანურების საბაბად აფასებს: "მაინც მოუწევთ ცხედრის გადმოცემა, მაინც ყველაფერი გამოაშკარავდება, დროს წელავენ რაღაც გამოსავლის ძებნაში და იმ აბსურდის ძებნაში, რომელიც ბიბილოვმა შექმნა დღეს ამ მასობრივად ჩადენილი მკვლელობის შემდეგ. ალბათ, უნდა ეღიარებინათ, უფრო ადეკვატური იქნებოდა, რომ ძალის გადამეტება მოხდა. ეს არც გამოსავალი იქნებოდა და არც გასამართლებელი, მაგრამ აბსურდი შექმნა ცხინვალის ხელისუფლებამ და დღეს ცდილობენ ამ აბსურდიდან გამოსვლას და ჩვენ არ უნდა მივეხმაროთ ამ აბსურდის კიდევ უფრო გაღრმავებაში", - ეუბნება ზურაბ ბენდიანიშვილი რადიო თავისუფლებას. ის თვლის, რომ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის საკითხის გასააქტუალურებლად და რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლისთვის. რაც შეეხება მყისიერ ამოცანებს, ის აუცილებლად თვლის საქართველოს სამართალდამცავების მიერ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური დახმარების უზრუნველყოფას.

ზურაბ ბენდიანიშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:33:08 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG