სტუმრად ჩვენს ეთერში: ზურაბ ბენდიანიშვილი
10 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიციის "დევნილთა უფლებებისთვის" თავმჯდომარე. მან ილაპარაკა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის უწყვეტ პროცესზე და აფასებს მას, როგორც რუსეთის მხრიდან საქართველოს შიდა სიტუაციაში ჩარევის მცდელობას. ზურაბ ბენდიანიშვილი თვლის, რომ ოკუპაციის ხაზის აღმნიშვნელი ბანერის ყოველი გადაადგილებისას რუსეთი ცდის საქართველოს რეაქციას, ცდის საერთაშორისო რეაქციას. ყველაზე ჯანსაღ რეაქციად "დილის საუბრების" სტუმარი საზოგადოების მიერ გამოხატულ პროტესტს თვლის - "ეს ჯანსაღი პროცესია და ჩვენ მეტი პროტესტი უნდა გაგვაჩნდეს ამ პროცესების მიმართ", - აცხადებს ზურაბ ბენდიანიშვილი. ის ნატოს განიხილავს უსაფრთხოების ერთადერთ საშუალებად საქართველოსთვის. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია კი იქნება მხოლოდ იმის გამართლება, რაც რუსეთმა ჩაიდინა საქართველოს მიმართ. ზურაბ ბენდიანიშვილი თვლის, რომ ხელისუფლებამ მეტი უნდა გააკეთოს საქართველოს ოკუპაციის პროცესის წინ წამოსაწევად საერთაშორისო დღის წესრიგში და ცალკეული ფაქტი გამოყენებული უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის მეტი კონცეტრაციისთვის. ზურაბ ბენდიანიშვილის აზრით, მიმდინარე ოკუპაციის ფონზე, ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს ე.წ. ბორდერიზაციით დაზარალებული მოსახლეობა და ჰქონდეს მათი მხარდაჭერის წინასწარ განსაზღვრული პროგრამა.