16 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ტრისტან ჯინჭარაძე, "უსუფაშვილი - რესპუბლიკელების" (N6) მაჟორიტარობის კანდიდატი, თბილისის საკრებულოს წევრი. მან ილაპარაკა ეკონომიკის ზრდის ტემპის ხელშემწყობ ფაქტორებზე და აღნიშნა, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპის გარდა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს საგრძნობი და არ ეფუძნებოდეს მხოლოდ მსხვილ პროექტებს. ამისათვის „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“ მნიშვნელოვნად თვლიან აქცენტის გაკეთებას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, განსაკუთრებით კი - რეგიონებში: „ჩვენ - რესპუბლიკელები თავისუფალი ეკონომიკის მომხრეები ვართ, მაგრამ კონკრეტულად ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯები რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის. კერძოდ, უნდა შეიქმნას ფონდები, ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს გარკვეული სახსრები დამწყები ბიზნესებისთვის, აგრეთვე ისეთი ბიზნესებისთვის, რომლებიც უკვე არსებობენ, მაგრამ განვითარება უჭირთ და შესაბამისი ფინანსური „ინექციებია“ მათთვის საჭირო“. ტრისტან ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად დასაქმების საკითხს მცირე და საშუალო ბიზნესი ჭრის. ეკონომიკის თავისუფლების ხელშეწყობის კუთხით, „დილის საუბრების“ სტუმარი მნიშვნელოვნად თვლის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას, რაც მეწარმეს გაუჩენს კერძო საკუთრების დაცულობის შეგრძნებას. რაც შეეხება საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, „რესპუბლიკელები“ თვლიან, რომ ეს არ უნდა ფასდებოდეს მხოლოდ ამა თუ იმ საერთაშორისო ინდექსის მიხედვით წინსვლით, არამედ უფრო კომპლექსურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი სანდო ბიზნეს-გარემო, რაც არა მხოლოდ უცხოური, არამედ ადგილობრივი კაპიტალის მობილიზაციასაც შეუწყობდა ხელს. ტრისტან ჯინჭარაძემ ილაპარაკა საშემოსავლო გადასახადის შემცირებასა და დიფერენციაციაზე 10-15%-ის ფარგლებში, რაც გარკვეულწილად გააუმჯობესებდა სოციალურ ფონს. რესპუბლიკელები აუცილებლად თვლიან საპენსიო რეფორმის გატარებას. ლაპარაკია დაგროვებით პენსიაზე. ახლანდელი პენსიონერებისთვის კი პენსია უნდა გაიზარდოს ეკონომიკის განვითარების შესაბამისად. რესპუბლიკელები დაგროვებითი პენსიის სისტემის დანერგვის ხელშემწყობად თვლიან საშემოსავლო გადასახადის შემცირებასაც. „რესპუბლიკელები“ თვლიან, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მძიმე ტვირთად აწევს ბიუჯეტს და ის გადასახედია - იმ მიმართულებით, რომ კერძო სფეროში დასაქმებული ადამიანები სახელმწიფომ წაახალისოს ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენისკენ. ტრისტან ჯინჭარაძემ ილაპარაკა საზოგადოების ნაწილში ევროპულობაზე არსებულ სტერეოტიპზე - რომ ევროპულობა და ეროვნულობა შეუთავსებელია: „არავინ გვახვევს თავს, რომ ჩვენ დავკარგოთ ჩვენი ტრადიციები. ევროპა არის სწორედ მრავალი კულტურის ერთობა“. „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად თვლიან ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. ტრისტან ჯინჭარაძის თქმით, ამ პროცესს დღეს აკლია თანმიმდევრულობა და მეტი ერთსულოვნებაა საჭირო.