16 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი. მან ილაპარაკა სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებაზე პარლამენტში 37 ათასზე მეტი ამომრჩევლის მიერ წარდგენილი ინიციატივის შესახებ. თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ აქამდე არსებულმა ცვლილებამ, რომელიც პარტიების მიერ თავიანთ საარჩევნო სიებში ქალი კანდიდატების შეყვანისთვის ფინანსურ წახალისებას ითვალისწინებდა, ვერ იმუშავა, რადგან ამით უფრო მცირე პარტიებმა ისარგებლეს და საბოლოო სურათზე ამან ზეგავლენა ვერ მოახდინა. რაც შეეხება ახლანდელ ინიციატივას, ის მომავალი არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალის არჩევნებში რეგისტრაციისთვის სავალდებულო პირობად განსაზღვრავს პროპორციულ სიებში ყოველი მეორე ქალი კანდიდატის ყოლას, შემდგომი - სრულად პროპორციული წესით დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში კი პარტიამ პროპორციულ სიაში ყოველ მესამე კანდიდატად უნდა დაარეგისტრიროს ქალი. როგორც პირველი ვიცესპიკერი განმარტავს, ეს არის საკმაოდ მკაცრი ზომაა. სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ კვოტების დაუცველობისთვის ფინანსურმა სანქციებმა არ იმუშავა და გენდერული ბალანსის კუთხით სურათი ვერ შეცვალა. თამარ ჩუგოშვილმა ილაპარაკა გამოწვევებზე, რომლებიც სტერეოტიპებსაც უკავშირდება და მათ შორის ასეთს: "ქალების მიმართ არის სულ სხვა მოთხოვნები. მამაკაცებს ქართული საზოგადოება და სხვა საზოგადოებებიც, არ სთხოვენ, რომ იყოს: იდეალური, საუკეთესო, ბრწყინვალე და ანგრევდეს ბარიერებს, რომლებიც წინ ხვდება" იმისათვის, რომ მაღალი პოზიციების, გადაწყვეტილებების მიღების დონეზე პოზიციების დაკავების უფლება მოიპოვოს. "დილის საუბრების" სტუმრის თქმით, კანონპროექტს პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ჯგუფში მხარდამჭერიც ჰყავს და მოწინააღმდეგეც. ის, რაც დარწმუნებით იცის, არის, რომ უმრავლესობის წევრი ყველა ქალი უჭერს მხარს სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პარლამენტის 85% მამაკაცები არიან და დიდწილად, ეს მათ მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა.