11 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ ავალიანი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. მან ილაპარაკა ე.წ. "ციანიდის საქმეზე". თამარ ავალიანი საქმეში ბრალდებულ გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატია. "ციანიდის საქმის" მიმართ საზოგადოების ინტერესი თავიდანვე გაჩნდა იმის გამო, რომ ის საპატრიარქოს უკავშირდებოდა. სასამართლო პროცესის პარალელურად დღემდე მიმდინარეობს საჯარო დისკუსია დეკანოზ გიორგი მამალაძის დამნაშავეობა-უდანაშაულობის საკითხზე, რაზე პასუხიც დღემდე ვერ მიიღო საზოგადოებამ. "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გავრცელა განცხადება, რომელშიც ჩამოთვლილია "ციანიდის საქმეში" არსებული დარღვევები. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად გამოყოფილია დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება, "როდესაც პროკურატურა დაუბრკოლებლად ასაჯაროებდა საქმეში არსებულ არაერთ მტკიცებულებას". ამას გარდა, გაუთქმელობის ვალდებულებამ დაცვის მხარეს წაართვა შესაძლებლობა ჩაეტარებინა საქმისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ექსპერტიზა. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომების "დაუსაბუთებელი დახურვის" გამო, ორივე ინსტანციის სასამართლოში საქმე საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა. ორგანიზაცია თვლის, რომ "ვერც ერთი ინსტანციის სასამართლომ ვერ გასცა პასუხი კითხვას, თუ რატომ ჰქონდა გადაწყვეტილი გიორგი მამალაძეს მაინცდამაინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა. დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ არსებითად დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი".