20 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შორენა ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, "თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე, რომელშიც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების კონტექსტში ნახსენებია საქართველო და უკრაინა: „მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კომუნიზმის საფრთხეები უკვე წარსულს ჩაბარდა, ჩვენს ნებას ამჟამად ახალი გამოწვევები უწყობენ გამოცდას. რუსეთი მიმართავს დივერსიულ ზომებს, რათა დაასუსტოს ევროპის მიმართ ამერიკის ვალდებულებათა სანდოობა, ძირი გამოუთხაროს ტრანსატლანტიკურ ერთობას და დაასუსტოს ევროპული ინსტიტუციები და მთავრობები. საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა აჩვენა მზაობა ხელყოს რეგიონის სახელმწიფოთა სუვერენიტეტი. რუსეთი განაგრძობს მეზობელი ქვეყნების დაშინებას საფრთხის შემცველი მოქმედებებით, როგორიც არის ბირთვული უზრუნველყოფა და თავდასხმითი შეიარაღების განთავსება“. შორენა ლორთქიფანიძემ განმარტა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის საფუძვლები და დანიშნულება. მან ილაპარაკა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ და იმ ხელშესახებ ნაბიჯებზე, რომლებიც აშშ-მ ბოლო ხანს გადადგა საქართველოს მხარდასაჭერად.