26 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო საბა ბუაძე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტიანობის საკითხებზე. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დღეს რამდენიმე სახელმწიფო უწყების ფუნქციებში შედის. IDFI თვლის, რომ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური, რომელიც იქნება როგორც ანტიკორუფციული პოლიტიკის განმსაზღვრელი, ისე მისი განმახორციელებელი. ამავე პოზიციას იზიარებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს წარმატებები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რჩება ბევრი გამოწვევა, რაც სხვაგვარ პასუხს მოითხოვს. გამოწვევებზე კი მიუთითებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის - ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი (OECD-ACN), რომლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ "საქართველო ახლა კორუფციასთან ბრძოლის შემდეგ ეტაპზეა და ისევე, როგორც სხვა ბევრი ქვეყანა, შესაძლოა იდგეს მაღალი დონისა და კომპლექსური კორუფციის გამოწვევის წინაშე". ანგარიშის ავტორები საქართველოს მოუწოდებენ აქტიურობისკენ კორუფციასთან ბრძოლაში. რამდენიმე დღის წინ IDFI-მ გამოაქვეყნა პოლიტიკის დოკუმენტი - "დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური - საქართველო და საერთაშორისო სტანდარტები". ბოლო წლებია საქართველო ინარჩუნებს რეგიონული ლიდერის პოზიციას "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ყოველწლიურ "კორუფციის აღქმის ინდექსში". 2016 წლის მონაცემებით 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა. საბა ბუაძე ამ შედეგს ხსნის გასული წლის რეფორმებით, თუმცა, აღნიშნავს, რომ საჭიროა რადიკალური ცვლილება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში - მაღალი დონის კორუფციის გამოვლენა და ეფექტიანი სისხლისამართლებრივი დევნა. ამისთვის მნიშვნელოვანი გარღვევა იქნებოდა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა, რომელიც უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, დამოუკიდებელი უწყება. საბა ბუაძემ ილაპარაკა იმაზეც, რომ სახელმწიფო რეაგირებს დაბალი დონის კორუფციის შემთხვევებზე, როცა "რა თქმა უნდა, არსებობს დღეს საფუძვლიანი ეჭვი არაერთ დაწესებულებაში მაღალი დონის შესაძლო კორუფციული დანაშაულის არსებობის შესახებ. ამაზე ლაპარაკობს მედია, არასამთავრობო სექტორი. ჩვენ კონკრეტული ფაქტები გვქონდა, იგივე, მაგალითად, სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილესთან დაკავშირებით, რომელიც 2012 წლამდე იყო სოციალურა დაუცველი და დღეს მისი ოჯახის წევრები მრავალმილიონიან ქონებას ფლობენ. ეს არ ნიშნავს აუცილებლად დანაშაულის არსებობს, თუმცა, ისეთი ფაქტები, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული", - ამბობს საბა ბუაძე "დილის საუბრებში" და თვლის, რომ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა პოლიტიკური ნების საკითხია. ინტერვიუში მოისმენთ - როგორ უნდა შეიქმნას ეს სამსახური და რა ფუნქციები უნდა განესაზღვროს მას.