16 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რომან გოცირიძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" (N5) დეპუტატობის კანდიდატი. ის აცხადებს: „თუ არ არსებობს ქვეყანაში ორგანიზაციული ბაზა, თუ არ არსებობს ინსტიტუტები, თუ არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი მარეგულირებელი თუ დერეგულირების ფორმები, ანუ რეგულაციების გაუქმების პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მაშინ ყველაფერი იქნება წყალში გადაყრილი“, - აცხადებს რომან გოცირიძე და განმარტავს, რომ ეკონომიკის განვითარებას მხოლოდ გადასახადების დაწევა არ შველის: „ჩვენ საგადასახადო რევოლუცია ერთხელ უკვე მოვახდინეთ და ეს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართული ექსპერიმენტი“, თუმცა, რომ არა კორუფციასთან ბრძოლა, გადასახადების დამალვის წინააღმდეგ ბრძოლა, თუ არ იქნებოდა გადასახადების მობილიზაციის გამართული სისტემა, მხოლოდ გადასახადების შემცირებით ეფექტი ვერ მიიღწეოდა. ამასთან, რომან გოცირიძე ძველ მიღწევებს შორის ჩამოთვლის: გადასახადის გადახდის კულტურის დამკვიდრებას, კანონისადმი პატივისცემას და შიშსაც, რომ გადასახადის გადაუხდელობა დასჯადია. რომან გოცირიძე ლაპარაკობს ცვლილებების „მეორე დიდ ნახტომზე“ და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ეკონომიკის დერეგულაციის პოლიტიკას: არ შემოიღებს ახალ მარეგულირებელ აქტს, თუკი ეს არ არის რომელიმე საერთაშორისო ხელშეკრულებით (მაგალითად, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით) გათვალისწინებული, შეამცირებს იმ მარეგულირებელ ნორმებს, რომლების შემცირებაც დღესვეა შესაძლებელი. ასეთებს შორის რომან გოცირიძე ასახელებს ბოლო ოთხ წელიწადში დაწყებულ სახელმწიფო პროექტებსაც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმით, ყოველ ხუთ წელიწადში უნდა გადაიხედოს არსებული მარეგულირებელი ნორმები: „არათუ გადაიხედოს, არამედ ხუთი წლის შემდეგ თავიდან უნდა იყოს მიღებული იმ ინსტანციის მიერ, რომელმაც ეს მარეგულირებელი ნორმა შექმნა. მიიღო პარლამენტმა? უნდა დაამტკიცოს ხელახლა პარლამენტმა. არ დაამტკიცებს პარლამენტი? ნორმა უქმდება“. რომან გოცირიძე აგრეთვე აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ძალა მისცემს ბიზნესს უფლებას, რომ სახელმწიფოსთან ნებისმიერი დავა სურვილისამებრ გადაიტანოს უცხო ქვეყნის სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და მთავრობა ვერ გაასაჩივრებს: „ბიზნესი არ უნდა დავტოვოთ ქართული სავალალო, სამარცხვინო სასამართლოს წინაშე. დღეს სასამართლო გაცილებით კომპრომეტირებულია, ვიდრე იყო თუნდაც იმ ოთხ წელიწადში, რომელსაც რაღაცებს აბრალებენ“. „დილის საუბრების“ სტუმარი ამბობს, რომ გაუქმდება წინასწარი პატიმრობა ეკონომიკურ დანაშაულზე. რომან გოცირიძემ ილაპარაკა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებასა და სასამართლოს მაღალ ინსტანციაში უცხოელი მოსამართლეების მოწვევაზე. ის „რეპრესიულ სისტემას“ უწოდებს ფინანსურ პოლიციას, რომლის გაუქმებასაც თვლის საჭიროდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ჩვენ დღეს არ გვჭირდება შეიარაღებული ბუღალტერები“, -აცხადებს რომან გოცირიძე და თვლის, რომ გადასახადის გადამხდელთან უნდა მივიდეს მხოლოდ საგადასახადო ინსპექტორი. პარტიის გეგმაშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებაც. სოციალურ სფეროზე საუბრისას, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ დღეს არარაციონალურად იხარჯება ჯანდაცვის ბიუჯეტი. ის ლაპარაკობს სამი კატეგორიის სადაზღვევო პაკეტებზე - მოქალაქის საჭიროების მიხედვით და იმაზეც, რომ ჯანდაცვის პროგრამა უნდა მოიცავდეს უფასო მედიკამენტებს. პარტია არჩევნების შემდეგ პენსიის 50 ლარით მომატების, მასწავლებლის მინიმალური ხელფასის 650 ლარით განსაზღვრის, მცირე ბიზნესის გადასახადებისგან მთლიანად გათავისუფლების დაპირებას იძლევა. „ჩვენ ერთხელ ავაშენეთ ქვეყანა. ჩვენ არავინ გვეუბნება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კეთება არ შეუძლია. პირიქით, გვეუბნებიან, რომ გვეშინია - თქვენ ზედმეტი ენერგია გაქვთ, ზედმეტად გააკეთებთ“. რომან გოცირიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა შეცდომებიც და მოდიან „სწორედ შეცდომებზე ნასწავლით, ახალი ჭკუით, ახალი ძალით, ახალი განწყობილებით“. რომან გოცირიძე თვლის, რომ ბოლო ოთხ წელიწადში რაც გაკეთდა, ძველის გაგრძელება იყო.