12 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო პაატა ჯიბლაძე, "კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსის" (N25) პოლიტიკური მდივანი. ""მემარცხენე ალიანსი" მხარს ვუჭერთ ქართულ ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ეროვნულ-სოციალური სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც „ეროვნული“, ესე იგი ქართული გულისხმობს არა ნაციონალისტურ, არამედ ზოგადსაკაცობრიო იდეებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ქართველი ერის, საქართველოს მოსახლეობის სახელმწიფოს. „სოციალური“ კი ნიშნავს ქვეყანაში სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასა და სოციალურ დაცვას“, - ამბობს პაატა ჯიბლაძე და თვლის, რომ საჭიროა „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის“ შექმნა, რაც ეროვნულ კონსენსუსს დაეფუძნება. „მემარცხენე ალიანსს“ ლოზუნგად გამოყენებული აქვს - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“. „თუ გვინდა, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“, სასიცოცხლოდ საჭიროა საქართველოს შემობრუნება ეროვნული სათავეებისაკენ და ისეთი ქმედითი მექანიზმების შექმნა, რომელიც დაუპირისპირდება ე.წ. დასავლური ცივილიზაციის კულტურულ და ეკონომიკურ ექსპანსიას, თუ გინდაც, დაარქვით - ფულის დიქტატურას. აგრესიული, ამორალური ექსპანსიის მსხვერპლი გახდა დღეს ქართული ცხოვრების წესი, ეროვნული კულტურა და ა.შ.“, - განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა. ეს პარტია ემხრობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. პაატა ჯიბლაძემ ილაპარაკა სახელმწიფოს მიერ მცირე და საშუალო ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის სფეროს ხელშეწყობის საჭიროებაზე, მათ შორის - გრძელვადიანი, შეღავათიანი სესხების გაცემით. „დილის საუბრების“ სტუმარმა ჩამოთვალა საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ის დააყენებს პარლამენტში არჩევის შემთხვევაში. კერძოდ, ალიანსი აპირებს: კონსტიტუციაში შეიტანოს მუხლი დანაშაულის ჩამდენი რეჟიმის გასამართლების შესახებ, გადახედოს პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების განმსაზღვრელ კანონმდებლობას, გაზარდოს პარლამენტის წევრობისა და პრეზიდენტობისთვის საჭირო მინიმალური ასაკი, შემცირდეს პარლამენტის წევრთა რაოდენობა, შეიცვალოს საარსებო მინიმუმის განსაზღვრის წესი და ა.შ.. „დილის საუბრების“ ჩანაწერში მოისმენთ აგრეთვე „მემარცხენე ალიანსის“ სოციალურ და დასაქმებულთა დაცვის პოლიტიკაზეც.