9 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ცუხიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საპარლამენტო მდივანი. მან ილაპარაკა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემაზე. საია თვლის, რომ საჯარო სამსახურის ეროვნულმა ბიურომ უნდა გაზარდოს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის გამჭვირვალება და მეტი ინფორმაცია გაასაჯაროოს. საჯარო ბიუროს ეროვნულმა ბიურომ გასული წლის ბოლოს გამოაქვეყნა "2017 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში". დოკუმენტის თანახმად, შეამოწმეს 287 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია, რომელთაგან 284 შემთხვევითი პრინციპით შეირჩა, 3 კი დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე შემოწმდა. 224 დეკლარაცია უარყოფითად შეფასდა. დადებითად შეფასებული დეკლარაციების წილი 20%-ს შეადგენს. 7 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია რეაგირებისთვის მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა. სხვა მონაცემების გარდა საია-მ აღნიშნული 7 პირის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროსგან და პროკურატურისგან გამოითხოვა ინფორმაცია. ბიურომ უარი განაცხადა მათი ვინაობის გასაჯაროებაზე, მთავარმა პროკურატურამ კი საერთოდ არ უპასუხა საია-ს მოთხოვნას. ნინო ცუხიშვილმა ილაპარაკა აგრეთვე მოქალაქეების დაკვირვებულობისა და აქტიურობის მნიშვნელობაზეც. დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაეცნოს თანამდებობის პირთა დეკლარაციებს საიტზე https://declaration.gov.ge/ .