14 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ლომჯარია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელი. მან ილაპარაკა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგზე. მიღებული ფინანსური შემოწირულებებით ტრადიციულად მმართველი პარტია ლიდერობს. 2017 წლის 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით "ქართულ ოცნებას" ფინანსური შემოწირულებების სახით მიღებული აქვს 7 მილიონ 343 ათასი ლარი, მეორე ადგილზეა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 323675 ლარით, მესამეზეა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 15600 ლარით, მეოთხეზე - ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" 15300 ლარით. ფინანსური შემოწირულებების ოდენობით მეხუთე ადგილზეა "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" (12204 ლარი), მას მოსდევს "ეროვნული ფორუმი" (9215 ლარი), "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" (5432 ლარი) და "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" (900 ლარი). ნინო ლომჯარიამ განმარტა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ფინანსების მოძრაობაზე დაკვირვებისა და კითხვის ნიშნების გაჩენის შემთხვევაში, ინფორმაციის მოკვლევის პროცედურა. გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ყურადღება ექცევა 2000 ლარზე მეტი შემოწირულებების წარმომავლობას. კითხვის ნიშნები, როგორც წესი, ჩნდება მაშინ, როცა პირის შემოსავლები ან მცირედით აჭარბებს, ან ნაკლებია პარტიისთვის შეწირულ თანხაზე. აგვისტოში შემოწირულებების შესწავლის საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული 14 ფიზიკური პირი. მათგან 6 პირი - "ევროპული საქართველოს", 8 კი "ქართული ოცნების" შემომწირველია. პირის დაჯარიმების (დაუსაბუთებელი შემოწირულების ორმაგი ოდენობით) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და, როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, სასამართლო მოქმედებს საკმაოდ მაღალი სტანდარტით, რის გამოც, არცთუ იშვიათად ის არ აკმაყოფილებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნას პირის დაჯარიმების შესახებ.