10 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკოლოზ ლეგაშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი, "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" თავმჯდომარე. გადაცემის პირველ ნაწილში მან ილაპარაკა ევროსასამართლოში საქართველოს მოქალაქეების მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ საქმეზე, რომელიც უკვე აღსრულდა. ლაპარაკია საქმეზე "შიოშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ", რომელიც ეხება 2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქე ფეხმძიმე ქალის ლია შიოშვილისა და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილის გამოძევებას რუსეთის ტერიტორიიდან. საქართველოში ჩამოსვლამდე გადატანილი სირთულეების, მისი და მისი შვილებისთვის შექმნილი პრობლემების გადატანის შემდეგ, უკვე სამშობლოში დაბრუნებული ლია შიოშვილის მშობიარობა უმძიმესი შედეგით დასრულდა - ჩვილი მკვდარი გაჩნდა. ლია შიოშვილისა და კიდევ 12 დეპორტირებულის უფლებებს ადამიანის უფლებათა სასამართლოში "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" იცავს. ევროსასამართლომ ლია შიოშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო 2016 წლის დეკემბერში. 2006-2007 წლებში კრემლის კამპანიას საქართველოს 7000-ზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია მოჰყვა. ნიკოლოზ ლეგაშვილი გაუმართლებლად თვლის ფაქტს, რომ სასამართლომ არ დაადგინა "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის" მე-14 მუხლის დარღვევა. ეს მუხლი ითვალისწინებს დისკრიმინაციის აკრძალვას. ფაქტია, რომ რუსეთიდან იმ პერიოდში სწორედ საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაცია ხორციელდებოდა. ამის მიუხედავად, თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ რუსეთმა აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ. თანხა, რომელიც რუსეთს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დააკისრა ევროსასამართლომ, ადვოკატის შეფასებით, სიმბოლურია იმ ტანჯვასთან შედარებით, რაც მომჩივანმა და მისმა მცირეწლოვანმა შვილებმა გადაიტანეს სამშობლოში დაბრუნებამდე. გადაცემის მეორე ნაწილში ნიკოლოზ ლეგაშვილმა ილაპარაკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულ გამოძიებაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სავარაუდოდ ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებზე. ქართველი იურისტი მნიშვნელოვნად თვლის ამ პროცესის შესახებ დაზარალებულთა ინფორმირებას, მათი მოტივაციის გაზრდას, რომ მონაწილეობა მიიღონ გამოძიებაში. გარდა ამისა, ნიკოლოზ ლეგაშვილი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლებრივი ფორმატების გამოყენებაში საქართველოს პოლიტიკური ძალები ერთიანნი უნდა იყვნენ და უნდა იხელმძღვანელონ სახელმწიფო ინტერესებით.