15 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკა ჩიტაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი. მან ილაპარაკა აშშ დემოკრატ სენატორთა მიერ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე მომზადებულ ანგარიშზე - „პუტინის ასიმეტრიული იერიში დემოკრატიაზე რუსეთსა და ევროპაში: შედეგები აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, რომელიც გასულ კვირაში წარედგინა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. სენატორი ბენჯამენ კარდინი ანგარიშისთვის წამძღვარებულ წერილში აღნიშნავს: „ამ ანგარიშში არის რჩევები - რა ნაბიჯები უნდა გადადგას აშშ-მა მთავრობაში, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორში, თავის მოკავშირეებთან თანამშრომლობით იმისათვის, რომ უპასუხოს კრემლის აგრესიას და დაამკვიდროს გრძელვადიანი წესები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება დემოკრატიის დასუსტებისთვის გამიზნული ძალისხმევის ნეიტრალიზაცია. ამასთან, უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტის ლიდერობის გარეშე, რუსეთისთვის პასუხის გაცემის ნებისმიერი მცდელობა საფუძველშივე დასუსტდება“. სენატორის წერილი ასე სრულდება: „საკუთარი მოქალაქეების, ჩვენი მოკავშირეებისა და უნივერსალური ფასეულობების წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის მთავრობის აგრესიასთან გასამკლავებლად კონგრესში არსებობს მკაცრი პოლიტიკის ორპარტიული მხარდაჭერის ძველი ტრადიცია. ამ ანგარიშის მიზანია ხელი შეუწყოს ამ ტრადიციის გაგრძელებას“. ანგარიშის ავტორები დაწვრილებით აღწერენ ევროპის განვითარებული და განვითარებადი (მათ შორის - საქართველოს) ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, აგრეთვე ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ ნაბიჯების აშშ-ის და ზოგადად - დასავლეთის საპასუხო ქმედებებზე, რომლებიც რიგ შემთხვევაში, ავტორთა შეფასებით, არასაკმარისი იყო და არის რუსეთის შესაჩერებლად. საქართველოს შესახებ თავში აღნიშნულია, რომ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე უშუალო სამხედრო შეჭრის პარალელურად რუსეთმა პირველად გამოიყენა კიბერთავდასხმები. ეს ჰიბრიდული ხერხი მან მოგვიანებით დახვეწა და ექვსი წლის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ მიმართა. ანგარიშში თვითკრიტიკულად აღნიშულია, რომ საქართველოს მიმართ აგრესიისთვის აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია და მალევე, ობამას ახალმა ადმინისტრაციამ გადატვირთვის პოლიტიკა წარმოადგინა. საქართველოსთან მოკლეხნიანი ომი წინ უსწრებდა რუსეთის ჰიბრიდულ ომს ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ, რისი მიზანიც იყო ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ უკრაინის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიც არ აღმოჩნდა საკმარისი რუსეთის შესაჩერებლად და ისინი უნდა გამკაცრდეს. სენატორთა ანგარიშში საქართველოს შესახებ აგრეთვე ვკითხულობთ: "საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო იერიშის მიღმა, რუსეთის მთვრობა აგრეთვე მხარს უჭერს კრემლის მომხრე პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პროპაგანდის მცდელობებს ქვეყანაში. მაგალითად, ტელეკომპანია "ობიექტივი", მედიასაშუალება, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთიდან დაფინანსებას ეყრდნობოდა, როცა მხარს უჭერდა ულტრანაციონალისტურ პარტიას - "პატრიოტთა ალიანსს". "ობიექტივის" ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსი დაეხმარა "პატრიოტთა ალიანსს" გადაელახა ბარიერი და შესულიყო პარლამენტში 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად. რუსეთის პროპაგანდა საქართველოში უცნაურობის ზღვარზეა. მაგალითად, რუსეთის პროპაგანდა ირწმუნება, რომ "რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრს" აშშ იყენებს საქართველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიური ცდების ჩასატარებლად. საქართველოს მთავრობის თანახმად, ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე პრორუსული ჯგუფი, მათ შორის - რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი და ფონდი "რუსსკი მირ", ორი კარგად ცნობილი ორგანიზაცია, რომლებსაც რუსეთი იყენებს თავისი გავლენის გასამტკიცებლად საზღვარგარეთ". ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "კონგრესს უნდა წარუდგინოს მრავალმხრივი ეროვნული სტრატეგია, რომელიც უპასუხებს არსებულ მწვავე საფრთხეებს და იმუშავებს კონგრესთან და ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ამ სტრატეგიის განხორციელებისა და დაფინანსებისთვის“. ვრცელ დოკუმენტში ლაპარაკია აგრეთვე ენერგოსექტორში არსებულ საფრთხეებზე: "შემცირდეს ევროპის დამოკიდებულება რუსეთის ენერგორესურსებზე: რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიებისთვის გადახდილი თანხებით ფინანსდება კრემლის სამხედრო აგრესია, აგრეთვე ღია და ფარული ქმედებები , რომლებიც მიმართულია ევროპასა და აშშ-ში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სოციალური ერთიანობის წინააღმდეგ. აშშ-ის მთავრობამ უნდა გამოიყენოს თავისი ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოები და მხარი დაუჭიროს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ენერგოდივერსიფიკაციისა და ინტეგრაციის პროექტებს ევროპაში. ამას გარდა, აშშ მთავრობა კვლავაც უნდა დაუპირისპირდეს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობას. ეს პროექტი მნიშვნელოვნად აკნინებს ევროპის გრძელვადიან ენერგოუსაფრთხოებას და უკრაინის ეკონომიკურ პერსპექტივას". რეკომენდაციებს შორის ლაპარაკია იმაზეც, რომ საჭიროა აშშ-ის ლიდერობით შეიქმნას გლობალური წესები კიბერთავდაცვისთვის: „აშშ მთავრობამ უნდა მოიწვიოს ნატოს მეთაურთა საგანგებო შეკრება, რომ განიხილონ ნატოს წევრ სახელმწიფოებზე რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული კიბერთავდასხმების მასშტაბი და შეიმუშაონ ოფიციალური წესები - როგორ განიხილავს ალიანსი ასეთ თავდასხმებს ნატოს წესდების მე-5 მუხლის - კოლექტიური თავდაცვის კონტექსტში“.