1 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნათია კაციტაძე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვაზე, რომლითაც ისინი მოითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში საჩივრის შეტანას. 28 თებერვლის განცხადებაში ვკითხულობთ:"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სახელმწიფოს, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ტერიტორიაზე. ევროპული სასამართლოს იურისპრუდენცია ასევე ითვალისწინებს de jure იურისდიქციის მქონე სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს განახორციელოს ყველა გონივრული, მათ შორის, დიპლომატიური და სამართლებრივი ღონისძიება სადავო ტერიტორიაზე დარღვეული უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა დიპლომატიური არხი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პრაქტიკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და აღმოფხვრის მიზნით. ამასთან, ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად ,,ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციისა და მისი ოქმების ნებისმიერი სავარაუდო დარღვევის შესახებ''". გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ურჩევენ უახლოეს დღეებში მიმართოს ევროპის სასამართლოს ევროკონვენციის 39-ე მუხლის საფუძველზე და მოითხოვოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დროებითი ღონისძიების გამოყენება, რათა 22 თებერვალს დაკავებული ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის, აგრეთვე თამარ მეარაყიშვილის (მას ცხინვალის რეჟიმის მიერ თვეებია შეზღუდული აქვს ახალგორიდან საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის უფლება) უსაფრთხოება. ნათია კაციტაძე განმარტავს, თუ რატომ შეიძლება უფრო ეფექტიანი იყოს სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ამ ეტაპზე და იმუშაოს უფლებადარღვეული ადამიანების დაცვისთვის, რადგან საქართველოს არაერთი მოქალაქე უშუალო საფრთხის შეგრძნების გამო უარს ამბობს ევროსასამართლოსთვის ინდივიდუალური საჩივრით მიმართვაზე.