22 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნათია იორდანიშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე. მან ილაპარაკა ბორჯომის ხეობაში მიმდინარე ხანძარზე. გადაცემაში წაღვერიდან ტელეფონით ჩაერთო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე. მან აღნიშნა, რომ ხანძრის რამდენიმე კერაა და უპირატესი ამოცანაა ყველაზე დიდი - წაღვერის მიმართულებით კერის ლოკალიზაცია. ჩართვის დროისთვის ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილეობდა 3 ვერტმფრენი, 500-ზე მეტი მეხანძრე და ადგილობრივი მოსახლეობა. ნათია იორდანიშვილმა ილაპარაკა ხანძრის გაჩენის შესაძლო მიზეზებზე, ტყის ხანძრით გამოწვეული ზარალზე და ტყის აღდგენის სპეციფიკასა და სირთულეზე. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზეც. გადაცემის დასრულებისთანავე ნათია იორდანიშვილი ბორჯომის ხეობაში გაემგზავრა.