12 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნათია დაღელიშვილი, "საქართველოს პოლიტიკის" ინსტიტუტის მკვლევარი. მან ილაპარაკა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ეფექტიანობის ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რომლებიც გამოავლინა გამოკვლევამ. ნაშრომი მოამზადა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების კონსორციუმმა ლიტვური - "აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელობით. საერთო მიგნება ის არის, რომ DCFTA-ის სიკეთით ყველაზე ნაკლებად სარგებლობს მცირე და საშუალო ბიზნესი. მკვლევრების სამიზნეც იყო სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რეგიონებში. გამოკითხული მეწარმეების მხოლოდ 23% ახორციელებს ექსპორტს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, ამის გაკეთებას უახლოეს მომავალში გეგმავს 56%. გამოკვლევის მეორე ნაწილის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უნარი - რამდენად შეუძლიათ მათ დაეხმარონ ბიზნესს DCFTA-ის ეფექტიანად გამოყენებაში. საქართველოს რეგიონებიდან მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტის დანიშნულების ქვეყნების პირველ სამეულშია: რუსეთის ფედერაცია, თურქეთი და უკრაინა. გერმანია იკავებს მეოთხე ადგილს, რომელსაც მოსდევს: სომხეთი, აზერბაიჯანი, იტალია, ირანი და აშშ. ადგილზე წარმოებული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის მხრივ გამოირჩევა: გურია, აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი.