20 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: მუსტაფა ემრე ჩაბუქი და მისი ადვოკატი - სოსო ბარათაშვილი. მათ ილაპარაკეს მუსტაფა ემრე ჩაბუქის პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტსა და მისი ექსტრადიციის საქმის მიმდინარეობის გარემოებებზე. მუსტაფა ემრე ჩაბუქმა "დილის საუბრებში" ილაპარაკა პატიმრობიდან გათავისუფლებით გამოწვეულ დადებით ემოციებზე. მან განსაკუთრებით აღნიშნა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობა, რასაც საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებებიდან გრძნობს ამ ხნის განმავლობაში. "ნამდვილად ძალიან სასიამოვნო გრძნობაა თავისუფლება. მასწავლებლისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მოსწავლეებთან შეხვედრა ამდენი ხნის განშორების შემდეგ", - უთხრა რადიო თავისუფლებას მუსტაფა ემრე ჩაბუქმა. მან ახსნა ის, თუ რატომ თვლიდა თავს პოლიტიკურ პატიმრად. სოსო ბარათაშვილმა განმარტა ის პროცესი, რაც ახლო მომავალშია მოსალოდნელი. მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის შუამდგომლობის დასაშვებობის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი როდის ჩატარდება შემდეგი სხდომა. ადვოკატის თქმით, სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში და იმავდროულად ევროსასამართლოში. სოსო ბარათაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის სასარგებლოდ დასრულდება და ის არ გადაეცემა თურქეთს.