მედეა ტურაშვილი კონფლიქტით დაზარალებულთა მდგომარეობაზე
5 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მედეა ტურაშვილი, სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში. მან ილაპარაკა სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშზე, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას ეხება. დოკუმენტში ასახულია როგორც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. მედეა ტურაშვილმა ილაპარაკა სოციალურ-ეკონომიკურ და უსაფრთხოების პრობლემებზე, მათ შორის: ჯანდაცვის სერვისების მიღებისა და გადაადგილების უფლებების უზრუნველყოფის საჭიროებაზე. ანგარიშის დასასრულს სახალხო დამცველი რეკომენდაციებით მიმართავს ხელისუფლების სხვადასხვა უწყებას. ეს რეკომენდაციები ეხება როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა რეფერალურ პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობას, აგრეთვე 1990-იან და 2008 წლის შეიარაღებული მოქმედებების დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისა და ზიანის კომპენსაციისთვის გადაწყვეტილების მიღების საჭიროებას, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებას, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სერვისებს სთავაზობენ ქალებს, ბავშვებს, შშ პირებს, ძალადობის მსხვერპლებს, გალის რაიონის სკოლების მხარდაჭერას და ა.შ.. სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულია ცალკეულ დასახლებაში არსებული ისეთი კონკრეტული საჭიროების შესახებ, როგორიცაა: ხიდის შეკეთება, სასწრაფო დახმარების მანქანის გადაცემა, ან ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის გახსნაა.