16 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ მაია ცირამუა, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) წარმომადგენელი, ბავშვთა ფსიქოთერაპევტი და თეონა კუჭავა, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი. მათ ილაპარაკეს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის საკითხზე. თეონა კუჭავამ აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბრისას არ იგულისხმება მხოლოდ მართლმსაჯულების სექტორი, არამედ უდიდესი როლი ენიჭება სოციალური დაცვისა და განათლების სექტორებს. განმარტა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის დონეები: ზოგადი პრევენცია, რომელიც მთელ ასაკობრივ ჯგუფს ეხება; მეორე დონის პრევენცია, რომელიც მიმართული უნდა იყოს მხარდაჭერის საჭიროების მქონე ბავშვებზე და მესამე დონის პრევენცია, რაც განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებას ემსახურება. UNICEF-ის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილე მეორე დონის პრევენციის გამოწვევებზე. მაია ცირამუა თვლის, რომ ბავშვის საჭიროებების ამოცნობასა და მისთვის შესაფერისი მხარდაჭერის აღმოჩენაში ჩართული უნდა იყოს მის გარშემო მყოფი ყველა ადამიანი. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაში ის პირველ რიგში ის მშობელთა განათლების პრობლემას გამოყოფს. ზოგად რისკებს შორის ის ასახელებს საზოგადოების დიდ ტოლერანტობას ძალადობის მიმართ. მაია ცირამუამ ილაპარაკა სკოლის როლზე და გაიხსენა სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული გამოკვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ პედაგოგების მხოლოდ 2%-ს აღმოაჩნდა ცოდნა რეფერირების მექანიზმის შესახებ. ეს გულისხმობს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ამოცნობასა და შესაბამისი უწყებისთვის მიმართვას. "დილის საუბრების" სტუმრებმა ინტერვიუს დროს არაერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ პრევენციის არც ერთი დონე არ უნდა იყოს მიმართული არასრულწლოვნის დასჯისკენ.