8 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლიკა საჯაია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი. მან ილაპარაკა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე. 5 იანვარს სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წაიკითხავთ: "სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურებულად მიიჩნია, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ალექსანდრე გირგვლიანის საქმესთან შემხებლობში მყოფი მაღალი თანამდებობის პირებისათვის, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მიზნით გ. ა-ს, ა. ა.-ს, მ. ბ.-ს და ა. ღ.-ს შეწყალების დაპირება, რაც მოგვიანებით შეასრულა. შესაბამისად, პასუხისმგებლობისგან აცილებულ იქნენ მაღალი თანამდებობის პირები, რამაც დაზარალებულის ოჯახის წევრთა უფლებებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებით დარღვევა გამოიწვია". მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და წლინახევრით ჩამოართვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მრავალგვარი შეფასება მოჰყვა. კრიტიკის მთავარი საგანი იყო შემდეგი - ყოფილი პრეზიდენტის შეწყალების მუხლის გამოყენებით დევნა ანტიკონსტიტუციურია და არ ემსახურება სამართლის აღსრულებას, არამედ პოლიტიკური საფუძველი აქვს და მისი მიზანიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნაა. განაჩენის საფუძვლიანი შეფასებისთვის იურისტები დასაბუთების ნაწილის გამოქვეყნებას ელოდებიან. ლიკა საჯაია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა - რას დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას. "პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე მაღლა არის სამართალი, სამართლიანობა და თანასწორობა - რომ კანონის წინაშე ყველა პირმა აგოს პასუხი", - ამბობს ლიკა საჯაია და სწორედ ამიტომ თვლის მნიშვნელოვნად კითხვის ნიშნები არ გააჩინოს სასამართლოს გადაწყვეტილებებმა. "უსამართლობას შეიძლება ებრძოლო მხოლოდ სამართლიანობის გზით. თუ უსამართლობას კვლავ უსამართლობით შევებრძოლებით, მაშინ, რასაკვირველია, ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რის გამოც თავის დროზე თუნდაც ეს ხალხი აქტიურად აპროტესტებდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობას", - ლიკა საჯაია საქართველოს სამართლებრივი სისტემის "ყველაზე დიდ ტრაგედიად" თვლის იმას, რომ დღეს სასამართლოს მიმართ არის ნულოვანი ნდობა და სასამართლო სისტემა დიდად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობას განიხილავდა და დღეს ის მოსამართლე, რომელიც გირგვლიანის საქმეს განიხილავდა, არის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, მანამდე კი ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელმძღვანელ პოზიციაზე ყოფნისას სხვა წევრებთან ერთად წყვეტდა მოსამართლეთა დანიშვნის საკითხს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი მნიშვნელოვნად თვლის შეწყალების უფლების სწორად გააზრებას, რომ ეს არის ჰუმანური აქტი და პრეზიდენტი იწყალებს მსჯავრდებულს, მას არ ევალება შეწყალების აქტის დასაბუთბა. თუმცა, ლიკა საჯაია ხაზს უსვამს, რომ შეწყალების აქტის შესრულების უკან არ უნდა იყოს რაიმე სახის კორუფციული, ან სხვა გარიგება. ამდენად არის მნიშვნელოვანი განაჩენის შეფასებისას მისი დასაბუთების ნაწილის გაცნობა - როგორ საბუთდება მასში შეწყალების აქტის, როგორც უფლების ბოროტად გამოყენება. "თუ გადაწყვეტილება იმაზე იქნება მთლიანად აგებული - რამდენად დაუსაბუთებლად გამოიყენა პრეზიდენტმა შეწყალების უფლება, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანაც, სასამართლო სისტემაც, პროკურატურაც და ყველა ჩვენგანი", - უთხრა "დილის საუბრებს" ლიკა საჯაიამ, რომელიც თვლის, რომ ქვეყნის ყოფილი პირველი პირის მიერ დანაშაულის ჩადენის მტკიცებას სჭირდება ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის დასაბუთება.