24 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ცუცქირიძე, "მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის" (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა მისი წინამორბედი ორგანიზაციისა (აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში NIMD-ის წარმომადგენლობის) და EECMD-ის პრიორიტეტებზე, რომელთა შორის არის - პარტიებთან მუშაობა შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებისთვის და საგანმანათლებლო საქმიანობა (დემოკრატიის სკოლების სახით). ლევან ცუცქირიძის შეფასებით, ახალი ორგანიზაციის - "მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის" (EECMD) დაფუძნება "ერთგვარ სიმწიფეს, ზრდასრულობასაც აჩვენებს იმ საქმეებისა, რომლებსაც აქამდე ეწეოდა ჰოლანდიური საერთაშორისო ორგანიზაცია. მგონია, რომ ყოველთვის არ არის საჭირო, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებს მუდმივად გარედან ვიღაც ასწავლიდეს და ეხმარებოდეს. თუნდაც, დემოკრატიზაციის პროგრამები, რომლებიც უკავშირდება სამოქალაქო განათლებას, პოლიტიკური პარტიების განვითარებას, დიალოგს, კონსენსუსის მშენებლობას და სხვა, ყოველთვის იყოს ინიცირებული გარედან", - ამბობს ლევან ცუცქირიძე და თვლის, რომ საქართველო არც ისე ახალგაზრდა დემოკრატიაა, რომ თავისით ვერ იაროს განვითარების გზაზე. NIMD-ის ერთ-ერთი ამოცანა ისიც, არის, რომ ადგილზე ჰქონდეს არა ფილიალის, არამედ შექმნას თანასწორუფლებიანი პარტნიორი ორგანიზაცია. EECMD-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა კავშირების განვითარება რეგიონის ქვეყნების (სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის) პოლიტიკოსებს შორის, აგრეთვე ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსების ევროპელ კოლეგებთან კავშირების ხელშეწყობა-გაღრმავება. ლევან ცუცქირიძე ყურადღებას ამახვილებს ანტიდემოკრატიული პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობასა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, აგრეთვე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე თანამედროვე პოლიტიკაში. "დილის საუბრების" სტუმარმა განმარტა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოახერხონ მოსახლეობის ინტერესების, საჭიროებების შეკრება და პოლიტიკის დონეზე ატანა, თუმცა, პოლიტოლოგის შეფასებით, დღეს პოლიტიკური პარტიები "ჩატეხილი ხიდია" და ეს ბევრ პრობლემას ქმნის. ლევან ცუცქირიძე ამის ერთ-ერთ მაჩვენებლად გასული დღეების მოვლენებს ასახელებს. სტუმარმა ილაპარაკა იმაზეც, თუ როგორ განსაზღვრავენ პარტიები თავიანთ დღის წესრიგს საარჩევნო ციკლის შესაბამისად, რომ მათი გეგმები ხშირ შემთხვევაში არის მოკლევადიანი და ვერ ცდება მომავალი არჩევნების თარიღს. ასევე უკვე ტიპურად იქცა ის, რომ ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა, როგორც წესი, უპირველეს ამოცანად ისახავს ძალაუფლების შენარჩუნებას შემდგომი ვადით და არა იმდენად სასიცოცხლო რეფორმების (მათ შორის - არაპოპულარულის) მოსწრებას შემდეგ არჩევნებამდე. ლევან ცუცქირიძემ მოიყვანა მაგალითები, როცა ჩამოყალიბებული დემოკრატიის ქვეყანაში პოლიტიკური ძალა არა იძულებით, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას (მათ შორის - მთავრობის დაკომპლექტების დროს) შეგნებულად მიდის ოპონენტ პარტიებთან დიალოგზე სწორედ იმისათვის, რომ შორს იყურება და გრძელვადიან პოლიტიკურ ცხოვრებას გეგმავს. ლევან ცუცქირიძე ლაპარაკობს საზოგადოების როლზეც პოლიტიკური კულტურის განვითარებაში - მნიშვნელოვანია, რა მოსწონს და რას აფასებს ამომრჩეველი.