1 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ბოძაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე. მან ილაპარაკა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ოფიციალურ დოკუმენტებსა და განცხადებებში სახელდების საკითხზე. როგორც ცნობილია რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებული ტერიტორია უკვე წლებია მოიხსენიება ასე - "სამხრეთი ოსეთი, საქართველო". ლევან ბოძაშვილი თვლის, რომ ასეთი დასახელება, თუნდაც დროებითად მიჩნეული, ამ ტერიტორიას ანიჭებს გარკვეულ მიკუთვნებას ოკუპანტს კი აძლევს მეტ საშუალებას ისპეკულიროს ე.წ. "ორი ოსეთის" გაერთიანების იდეით. მეორე საკითხი, რაზეც ლევან ბოძაშვილი ამახვილებს ყურადღებას, არის "ბოლო 6 წლის განმავლობაში ზედმეტად თავშეკავებული პოლიტიკა სეპარატისტულ რეჟიმთან მიმართებაში. პრაქტიკულად, ვითმენთ ყველა მათ გამოხდომას", - ამბობს ბოძაშვილი. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ ოკუპირებული ტერიტორიის სახელდების საკითხზე უნდა გაიხსნას დისკუსია. ლევან ბოძაშვილი მნიშვნელოვნად თვლის თავად ოკუპაციის საზღვრების დოკუმენტურად დადგენას. საკითხის სამართლებრივად გამართვას ართულებს ის, რომ ოკუპაციის ხაზი ფაქტობრივად ცვალებადია. რადიო თავისუფლების რესპონდენტი "შიდა ქართლს" იმიტომ ანიჭებს უპირატესობას, რომ "ქართლი" საქართველოს სხვა ტერიტორიის (ქვემო ქართლი) გეოგრაფიულ სახელდებაშიც არის. ლევან ბოძაშვილი სამართლებრივად სწორად თვლის რუსეთის მიერ ოკუპირებული ამ ტერიტორიის მოხსენიებას "სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიად", თუმცა, აგრეთვე ფიქრობს, რომ საჭიროა საქართველო სტრატეგიულად მიუდგეს ოკუპირებული ტერიტორიების სახელდებას საერთაშორისო დოკუმენტებში. "ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, თუ ჩვენი მხრიდან არ იქნება პრინციპული პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე", - ამბობს ლევან ბოძაშვილი.