12 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლენა კილაძე, საქველმოქმედო ფონდ "საქართველოს ამერიკელი მეგობრების" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ქველმოქმედების იდეასა და გამოცდილებაზე საქართველოში. ლენა კილაძემ აღნიშნა, რომ ქველმოქმედების თვალსაზრისით საქართველოს საზოგადოებაში შესამჩნევია დადებითი ტრანსფორმაცია. მან ილაპარაკა "საქართველოს ამერიკელი მეგობრების" მრავალწლიან გამოცდილებაზე - ერთი მხრივ საჭიროების მქონე ადამიანის/ადამიანების, მათი პრობლემების განსაზღვრის და მეორე მხრივ ქველმოქმედებაში პოტენციურ მონაწილეებთან კომუნიკაციის ნიუანსებზე. "დილის საუბრების" სტუმრის თქმით, ქველმოქმედება არ უნდა აღიქმებოდეს მხოლოდ თანხის გაღებად, არამედ ადამიანებს შეუძლიათ სხვისთვის გაიღონ დრო და ენერგია, თავიანთი უნარები და ნიჭი მოახმარონ საჭიროების მქონე ადამიანებს. ამის მაგალითად ლენა კილაძემ დაასახელა საქველმოქმედო პროექტი, რომელშიც სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთნენ და ისინი უფროსებთან ერთად პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ადამიანებთან სახლებში მიდიან დახმარების გასაწევად. საქველმოქმედო საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პირობად ლენა კილაძე გამჭვირვალებას ასახელებს, რაც, სურვილის შემთხვევაში, არ არის რთულად უზრუნველსაყოფი. გამჭვირვალება ამყარებს და ზრდის საზოგადოების ნდობას ამა თუ იმ საქველმოქმედო პროექტის მიმართ.