12 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლელა სულაბერიძე, საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" "ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის" მკვლევარი. მან ილაპარაკა "ბარომეტრის" მეათე ტალღის გამოკვლევაზე, რომელიც ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ კადრებს ეხება. დადგინდა, რომ საქართველოს თითქმის ორჯერ მეტი ექიმი ჰყავს, ვიდრე საშუალო ევროპულ ქვეყანას და თითქმის ორჯერ ნაკლები ექთანი (საშუალო სამედიცინო პერსონალი). პრობლემას ისიც ამწვავებს, რომ არის საექიმო სპეციალობები, სადაც საქართველოს ექიმი თითქმის არ ჰყავს, ან ჰყავს არასაკმარისი რაოდენობის. ამასთან, ლელა სულაბერიძე ლაპარაკობს ექიმების დაბალპროდუქტიულობაზე, სამედიცინო განათლების ხარისხისა და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების უზრუნველყოფის პრობლემებზე და ა.შ.. საქართველოში საავადმყოფოს ერთი ექიმი წელიწადში 42 პაციენტს მკურნალობს, უნგრეთში - 104-ს, გერმანიაში კი - 116-ს. საქართველოში ამბულატორიის ერთი ექიმი დღეში საშუალოდ 4 პაციენტს იღებს, ლიტვაში კი - 24-ს. მნიშვნელოვანი გამოწვევაა სამედიცინო კადრის გეოგრაფიული დისბალანსი: თბილისს, სადაც მოსახლეობის 30% ცხოვრობს, დაახლოებით 15 ათასი ექიმი ემსახურება, მოსახლეობის დანარჩენ 70%-ს კი 8 - ათასი ექიმი.