23 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ლელა გვიაშიანი, "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) იურისტი და კობა ნადირაძე, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი. მათ ილაპარაკეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების საკითხის ასახვაზე საარჩევნო სუბიექტების პროგრამებში.
EMC-მ ამ ეტაპზე შეისწავლა: „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს,“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“, „ეროვნული ფორუმისა“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო პროგრამები: "დასახელებული პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები გარკვეულწილად მიემართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხს, რაც დეტალურად ქვემოთ იქნება წარმოდგენილი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამგვარ ხედვას საერთოდ არ მოიცავს პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო პროგრამა", - წაიკითხავთ EMC-ს გამოკვლევაში. საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების კონვენციის (CRPD) რატიფიცირება 2013 წლის დეკემბერში მოახდინა, თუმცა, არ მომხდარა კონვენციის განხორციელებისთვის აუცილებელი ფაკულტატური ოქმის რატიფიკაცია. ლელა გვიშიანის თქმით, კონვენციის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია კანონმდებლობისა და ინსტიტუციური მექანიზმების რეფორმირება, რაც უპირველესად გულისხმობს შშმ პირთა შეფასების სოციალური მოდელის დანერგვას, კვლევაზე დაფუძნებული პროგრამების შექმნას, თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარებას და ა.შ.. ლელა გვიშიანმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები შშმ პირების საჭიროებებს ხედავენ მხოლოდ სამედიცინო მოდელის და არა სოციალური მოდელის ჭრილში, როგორც ამას კონვენცია ამბობს. კობა ნადირაძემ ილაპარაკა შშმ პირების არჩევნებში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფის საკითხზე და აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიას აქვს კონსულტაციები შშმ პირების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ამისთვის საბჭოც არის შექმნილი, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ის საჭიროება, რომელიც საარჩევნო გარემოს მისაწვდომობას უზრუნველყოფდა, გათვალისწინებულია. კობა ნადირაძემ ილაპარაკა პოზიტიურ ცვლილებებზეც - მაგალითაც, უვარგისი ნორმების გაუქმებაზე, თუმცა, აღნიშნა, რომ სანაცვლო მექანიზმები არ შექმნილა. კობა ნადირაძე განმარტავს, რომ შშმ პირს, უნდა ჰქონდეს ხმის მისაცემად დამოუკიდებლად მისვლის საშუალება და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვის გადაწყვეტილებაზე - როდის მიაკითხავს ტრანსპორტი, მიუტანენ საარჩევნო ყუთს და ა.შ.. "დილის საუბრებში" აგრეთვე ითქვა, რომ მხოლოდ საარჩევნო უბნის ადაპტაცია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ის შშმ პირისთვის მისაწვდომი იყოს. ცალკე საკითხია პანდუსების სტანდარტის დაცვა. სტანდარტის დაცვის მიზანიც ის არის, რომ შშმ პირმა სხვის დაუხმარებლად შეძლოს გადაადგილება. "დილის საუბრების" სტუმრებმა ისაუბრეს იმ მიზეზებზეც, რაც განაპირობებს შშმ პირების საჭიროებების ცალკე, "დანარჩენი საზოგადოებისგან" იზოლირებულად აღქმასა და დაბალ პრიორიტიზაციას.