10 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ქეთევან მსხილაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. მან ილაპარაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის პერსპექტივაზე და დღეს არსებულ გამოწვევებზე.
ქეთევან მსხილაძის თქმით, სამეურვეო საბჭო ტელევიზიის მენეჯმენტს წარუდგენს კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც უნდა დაიგეგმოს მაუწყებლის რეფორმა და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ რეიტინგი. ქეთევან მსხილაძისთვის საკამათო არ არის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებებია საჭირო, მაგრამ ის არ ეთანხმება გენერალური დირექტორის პოზიციას, რომ მაუწყებლის გადაცემების შეჩერების გარეშე, ის დაიღუპება. "დილის საუბრების" სტუმარმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ყველა კრიტერიუმი, რომელსაც მაუწყებელი უნდა აკმაყოფილებდეს ციფრებით ვერ გამოისახება და ვერც რეიტინგს უზრუნველყოფს, თუმცა კი უმნიშვნელოვანესია. სამეურვეო საბჭოს წევრმა აღნიშნა, რომ 9 თებერვლის ხანგრძლივ სხდომაზე მსჯელობა შეეხებოდა გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მხოლოდ პირველ ნაწილს, ანუ იმას, რომელიც ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ მდგომარეობას. გამოსავლის, ანუ რეფორმის გეგმის ნაწილზე საუბარი აღარ ყოფილა. ქეთევან მსხილაძე იმედოვნებს, რომ კრიტერიუმების ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ მედიაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. მან იცის, რომ სამოქმედო გეგმის დღეს არსებულ პროექტს მხარს არ დაუჭერს. ქეთევან მსხილაძე ამბობს, რომ სამეურვეო საბჭო ღიაა მაუწყებლის რეფორმის ალტერნატიული ვარიანტების განხილვისთვის. ის თვლის, რომ მენეჯმენტსაც თავიდანვე უნდა წარმოედგინა სამოქმედო გეგმის ერთზე მეტი ვარიანტი. ქეთევან მსხილაძე თვლის, რომ საჭიროა კადრების ოპტიმიზაცია, მაგრამ მნიშვნელოვანია მაუწყებელმა შეინარჩუნოს შემოქმედი ადამიანები და თანამშრომლები, რომლებიც კარგ გადაცემებს ქმნიან.