Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ინა ინარიძე და მაია ქაჯაია


28 ივლისს ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნება. რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ინა ინარიძე, "მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის" წარმომადგენელი და მაია ქაჯაია, "ჯანმრთელობის კვლევის ცენტრის" ეპიდემიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. მათ ილაპარაკეს საქართველოში C და B ჰეპატიტების გავრცელების პრობლემასა და მათი აღმოფხვრის პრობლემაზე. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წელს დაიწყო და დღემდე სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს 43 ათასზე მეტმა პაციენტმა მიმართა, დაახლოებით 40 ათასმა ადამიანმა იმკურნალა ან ახლა მკურნალობს. ორი წლის წინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, საქართველოში ქრონიკული C ჰეპატიტი აქვს ზრდასრული მოსახლეობის 5,4%-ს, ანუ 150 ათასამდე ადამიანს. ელიმინაციის პროგრამის ახლანდელი გამოწვევაა ინფიცირების შემთხვევების მაქსიმალურად გამოვლენა და მკურნალობით მოცვა. ეს მნიშვნელოვანია რეინფიცირებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. ინა ინარიძემ ილაპარაკა მაღალი რისკის მქონე ჯგუფების (კერძოდ, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების) მოცვის სირთულეებზე. "დილის საუბრების" სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს აგრეთვე ფინანსურ ბარიერზე, რომელიც ბევრს ექმნება დაავადების დიაგნოსტიკის პროცესში. მნიშვნელოვანი საკითხია სერვისების მისაწვომობის გეოგრაფია და დიაგნოსიტკისა და პროგრამაში ჩართვის სისტემის გამართულობა. ინა ინარიძემ მსმენელს გაუზიარა ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ნარკოპოლიტიკის შეცვლის შესახებ დიალოგის მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მომხრეთა გარდა პოლიტიკის ლიბერალიზაციის მოწინააღმდეგეებიც არიან, რადგან თვლიან, რომ ეს ნარკომანიის გავრცელების შეუწყობს ხელს. მაია ქაჯაიამ ილაპარაკა აგრეთვე B ჰეპატიტის გავრცელებაზეც, რომელიც, მისი ინფორმაციით, 4%-ს შეადგენს. C ჰეპატიტისგან განსხვავებით, B ჰეპატიტის გავრცელების პრევენციაში დიდი როლი ეკისრება ვაქცინაციას, რომელიც 15 წლამდე ასაკის მოსახლეობაში სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, ზრდასრულებმა კი თავად უნდა გაიღონ საფასური. მაია ქაჯაიამ აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით მკურნალობის ეფექტიანობა 98%-ს აღწევს და ამის გათვალისწინებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პოტენციური პაციენტებისთვის ბარიერების მოხსნაზე ზრუნვა. ინა ინარიძე და მაია ქაჯაია განსაკუთრებით უსვამენ ხაზს მოსახლეობის მეტად ინფორმირების საჭიროებას.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG