სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ლომთაძე
15 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ლომთაძე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე საქართველოში. საუბრის დასაწყისში ის გამოეხმაურა საქართველოს გენერალური აუდიტორის - ლაშა თორდიას ცემის ფაქტს. IDFI არის ერთ-ერთი იმ ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციას შორის, რომლებიც ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ ლაშა თორდიაზე თავდასხმას და მოუწოდეს ხელისუფლებას დროულად გაასაჯაროოს ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში და გადადგას ნაბიჯები დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნისკენ. რაც შეეხება გადაცემის ძირითად თემას - სახელმწიფო შესყიდვებს, გიორგი ლომთაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის შესაბამის საიტზე (spa.ge) ხელმისაწვდომია დიდძალი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების გამოცხადებისა და შედეგების შესახებ. სტუმრის თქმით, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ხარისხის გასაზრდელად ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანი დაინტერესდეს და ნახოს რა, რისთვის, ვისგან და როდის იყო შესყიდული სახელმწიფოს მიერ. გასული კვირის ბოლოს თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც იმსჯელეს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში.