25 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი კლდიაშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეზე, რომელიც 2009 წლიდან ევროპარლამენტისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით გამოცხადდა. ევროპარლამენტის რეზოლუციის თანახმად, შეიქმნა "ევროპის მეხსიერებისა და ცნობიერების პლატფორმა", რომლის ფარგლებშიც მკვლევრები იძიებენ და ავლენენ ევროპაში კომუნისტური რეჟიმების დროს ჩადენილ დანაშაულებსა და მათ ჩამდენებს. 2010 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა დაადგინა, რომ ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა დღე საქართველოშიც აღინიშნოს. გიორგი კლდიაშვილის თქმით, ტრაგედიაა ის, რომ საქართველოში ჯერაც არ არის დაზუსტებული მასობრივი დახვრეტისა და დამარხვის ადგილები, რომ თბილისში არ არის სტალინური საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი. ასეთი ინფორმაციის მოკვლევა, ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება და საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის პატივისცემა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის: "თუ არ მოხდება გააზრება საბჭოთა პერიოდისა, თუ არ მოხდება ხელშეწყობა ამ საკითხისა და თუ ჩვენი ხელისუფლება მხარს არ დაუჭერს იმას, რომ გაკეთდეს ბევრი მემორიალი, იყოს მუდმივად საუბარი იმაზე, თუ რა ბოროტება იყო საბჭოთა კავშირი და განსაკუთრებით, სტალინური რეჟიმი, ჩვენ კარგ საქართველოს ნამდვილად ვერ ავაშენებთ", - ამბობს "დილის საუბრებში" გიორგი კლდიაშვილი.