15 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა მთავრობის მიერ ტურიზმის ხელშეწყობისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე და ტურიზმის განვითარების დინამიკაზე. გიორგი ჩოგოვაძემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ზამთრის ტურიზმისთვის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკას მოაქვს შედეგები, რაც პირველ რიგში უცხოელი ტურისტების ნაკადის ზრდაზე აისახება: "წელს 10 თვის განმავლობაში დავწიეთ 2016 წლის მთლიან მონაცემებს. ხოლო 11 თვის განმავლობაში უკვე 7 მილიონს მიუახლოვდა საერთაშორისო მოგზაურების რიცხვი. წლევანდელ წელს დავხურავთ 7 მილიონ 400 ათასი საერთაშორისო მოგზაურით და ეს იქნება ახალი რეკორდი საქართველოში ტურისტების რაოდენობის მხრივ", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ და განმარტა, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა ბევრ დამატებით სტიმულს აძლევს საქართველოს ეკონომიკას. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა აგრეთვე საქართველოს ტურისტული რეგიონების კონცეპტუალური განვითარების საკითხზე, რაც გაზრდიდა თითოეული ტურისტის მიერ საქართველოში დახარჯულ თანხას. გიორგი ჩოგოვაძე თვლის, რომ ტრადიციულად ზამთრის კურორტებად ცნობილი ადგილების (მთის კურორტების) პოტენციალი იმგვარად უნდა განვითარდეს, რომ ის წლის განმავლობაში იყოს შემოსავლის მომტანი. ტურიზმის უწყების ხელმძღვანელი მნიშვნელოვნად თვლის ტურისტული ზონების ეფექტიანი მენეჯმენტის განვითარებას. გიორგი ჩოგოვაძემ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სეგმენტურ აუდიტორიაზე გასვლისთვის საინფორმაციო საშუალებების გამოყენების სტრატეგიაზეც.