19 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიგი ჩიხლაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავარი იურისტი. მან ილაპარაკა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხზე და პოლიტიკური ძალების ფინანსურ შემოწირულებებზე. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველაზე პრობლემური იყო ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები: საარჩევნო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მასშტაბური მობილიზაცია, "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა სიების შეგროვებაში ბაგა-ბაღების დირექტორების სავარაუდო ჩართვა, სოციალური ქსელებით უკანონო აგიტაციის ფაქტები. ანგარიშის ავტორებს არ აღურიცხავთ ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების იმგვარი ცვლილება, რომლითაც დაირღვეოდა "საარჩევნო კოდექსის" რეგულაციები. გიგი ჩიხლაძემ ილაპარაკა პოლიტიკურ შემოწირულებებზე, რომლებსაც ფიზიკური და იურიდიული პირები ახორციელებენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" სისტემატურად აღრიცხავს და საზოგადოებას სთავაზობს დეტალურ ინფორმაციას შემომწირველებზე, მათ ბიზნესკავშირებსა და გამარტივებულ ტენდერებში მონაწილეობის ისტორიაზე. გიგი ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ ფორმალურად სწორად განხორციელებული შემოწირულებაც შეიძლება აჩენდეს კითხვებს. ორგანიზაცია ცდილობს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს ამომრჩეველს, ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად.