16 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა ფოფხაძე, საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი. მან ილაპარაკა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნისთვის მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივაზე. ის ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასა და მისთვის სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ფუნქციის გადაცემას. ინიციატივის შესახებ კრიტიკული მოსაზრებები გამოაქვეყნეს "კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა, რომლებიც წლებია ითხოვენ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას იმისთვის, რომ დამოუკიდებლად, ეფექტიანად იყოს გამოძიებული სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაული. სახალხო დამცველი თვლის, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია ამ მექანიზმის აღჭურვა გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით აღჭურვა. ეკა ფოფხაძემ განმარტა, რომ სახალხო დამცველი წარმოდგენილი ინიციატივის კონტექსტში თვლის, რომ "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" წარმოდგენილ მოდელში პრინციპული მნიშვნელობის მქონე საკითხების კორექტირებით შესაძლებელია გამოძიების ეტაპზე არსებული პრობლემების გადაჭრა. ეკა ფოფხაძემ ილაპარაკა: გამოძიების პროცესზე საპროკურორო ზედამხედველობის ბერკეტის მოხსნის; ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურის შემრჩევი კომისიის შემადგენლობის შეცვლის, ინსპექტორის ასარჩევად პარლამენტში კვორუმის გაზრდის და არჩევის ვადის გაზრდის საჭიროებებზე. ეკა ფოფხაძის თქმით, შესაძლებელია კანდიდატურის შემრჩევი კომისიის შემადგენლობა იგივე დარჩეს, მაგრამ პარლამენტში კანდიდატის ასარჩევად საჭირო უნდა გახდეს არა მხოლოდ უმრავლესობის უმრავლესობის, არამედ უმცირესობის უმრავლესობის მხარდაჭერაც. სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი პრობლემურად თვლის ინტერესთა კონფლიქტის საკითხსაც. კანონპროექტის მოქმედების არეალში არ ექცევიან შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. სახალხო დამცველი თვლის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენცია მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებასაც უნდა ითვალისწინებდეს.