Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკა ხუციშვილი და სოფო ასათიანი


14 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ეკა ხუციშვილი, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი და სოფო ასათიანი, "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ადამიანის უფლებათა პროგრამის პროექტის კოორდინატორი. მათ ილაპარაკეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების პოზიციებზე.

გადმოწერა

სოფო ასათიანმა ილაპარაკა საკითხის ისტორიასა და არსზე - რომ ასეთი მექანიზმის შექმნის მიზანი სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებაა, რაც თავის მხრივ ასეთი დანაშაულის პრევენციის საშუალებაა. ეკა ხუციშვილმა განმარტა, რატომ არის არსებითი ასეთი მექანიზმის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. მისი თქმით, სახალხო დამცველის მიერ ბოლო წლებში სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ათეულობით შუამდგომლობა სრულიად უშედეგოდ დასრულდა. სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია ეფუძნება პრაქტიკას - იმ შემთხვევებშიც, როცა სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება დაიწყო, ის არ დასრულებულა პირის პასუხისგებაში მიცემით. სოფო ასათიანმა ილაპარაკა ხელისუფლების მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს პროკურატურის სისტემაში დეპარტამენტის შექმნას და ილაპარაკა აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების პროექტზე, რომელშიც ჩადებულია უწყების დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალურობის უზრუნველმყოფი მექანიზმები (მათ შორის - უწყების ხელმძღვანელის შერჩევა-დანიშვნის მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად). ეკა ხუციშვილის თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ტიპის უწყებები არსებობს განვითარებულ ქვეყნებშიც და ეს სრულიად არ ხელყოფს სამართალდამცავი სტრუქტურების რეპუტაციას, არამედ არის სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების და აგრეთვე დანაშაულის ჩადენის ეფექტიანი პრევენციის საშუალება.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG