Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ სატერი: უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე უარის თქმა რუსეთს ახალი აგრესიისკენ წააქეზებს


დევიდ სატერი ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, რუსეთისა და საბჭოთა კავშირის საკითხების ექსპერტია. მას არაერთი წიგნი აქვს გამოქვეყნებული საბჭოთა კავშირის ისტორიის და დეზინტეგრაციის შესახებ. სატერი რუსეთის მთავრობამ 2013 წელს ქვეყნიდან გააძევა. ახლა ის ვაშინგტონში მდებარე "ჰადსონის ინსტიტუტის" მკვლევარია და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ასწავლის. "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციიდან მას ანა კალანდაძე ლონდონში დაუკავშირდა.

- ამერიკის ხმა: გმადლობთ, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით. როგორც გვახსოვს, 2008 წელს რუსეთმა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები დაარღვია და სუვერენულ საქართველოში შეიჭრა. საინტერესოა თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იღონა, ან უფრო ზუსტად, რა არ იღონა საერთაშორისო საზოგადოებამ, რათა საქართველოს ამბებიდან ხუთი წლის თავზე თავიდან აეცილებინა ვითარების მსგავსი სცენარით განვითარება უკრაინაში?

-დევიდ სატერი: ვფიქრობ, ყველაფერი ნატოს ბუქარესტის სამიტით დაიწყო, სადაც გადაწყდა, რომ უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას არ შესთავაზებდნენ. ამ გადაწყვეტილებამ რუსეთის ხელისუფლებას ხელები გაუხსნა. მათ დაინახეს შესაძლებლობა და მაშინვე იმოქმედეს. ორი სახელმწიფო, რომელთა დამორჩილებასაც რუსეთი ცდილობს, დაუცველი აღმოჩნდა. ნათელი იყო, რომ დასავლური ალიანსი ფეხს ითრევდა, რომ ამ ქვეყნებისათვის რაიმე ტიპის უსაფრთხოების გარანტიები მიეცა. 2008 წელს საქართველოში შეჭრაზე დასავლური სახელმწიფოების რეაქცია უკიდურესად სუსტი იყო. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა. მისი აგრესია სერიოზულად არცკი დაუგმიათ. მხოლოდ ის მოითხოვეს, რომ რუსეთს სამხრეთი ოსეთის მიღმა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან ჯარი გაეყვანა. დასავლეთის ამგვარი რეაქციის შედეგები, ვფიქრობ, სახეზეა. რუსეთს უკრაინაში განხორციელებულ აგრესიაზე დასავლეთის რეაქცია არ ანაღვლებს. არადა, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ მის აგრესიას აუცილებლად მოჰყვება საფასური. დღეს რუსეთი ამ საფასურს ვერ გრძნობს. დიახ, მას გარკვეული სანქციები დააკისრეს, მაგრამ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები ისე საუბრობენ, თითქოს იციან, რომ სანქციები სამუდამოდ არ გაგრძელდება. ვფიქრობ, რეგიონის უსაფრთხოება დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, დაარწმუნებენ თუ არა რუსეთს, რომ აგრესია ძვირი დაუჯდება. ჯერჯერობით, მას ეს სათანადოდ ვერ ავუხსენით.

-ამერიკის ხმა: რა შეუძლია, გააკეთოს საქართველოს მთავრობამ იმისთვის, რომ რუსეთის ორ აგრესიას შორის არსებული პარალელები უფრო თვალსაჩინო გახადოს?

-დევიდ სატერი: საქართველოს მთავრობას ისეთივე როლი აკისრია, როგორიც სხვა მთავრობებს. მანაც უნდა დაგმოს უკრაინის წინააღმეგ მიმართული აგრესია. თანაც საქართველოს მთავრობას, სხვებისაგან განსხვავებით, საკუთარი მწარე გამოცდილებით შეუძლია, ილაპარაკოს. ვფიქრობ, ყველაზე პრაქტიკული რჩევა ის იქნებოდა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველას შეახსენოს ეს გამოცდილება და აუხსნას მსოფლიოს, რა მოხდა 2008 წელს, რომ მაშინ საქართველოს მარტო სამხრეთ ოსეთში კი არ დაესხნენ თავს, არამედ ქვეყნის იმ ნაწილშიც, რომელიც არავისთვისაა სადაო. ვფიქრობ, ეს დეტალები პარალელებს უფრო თვალსაჩინოს გახდის.

- ამერიკის ხმა: ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთის ერთადერთი და უკანასკნელი სამიზნე არ არის და რომ საქართველოს სუვერენიტეტს მომავალში კიდევ შეიძლება დაემუქროს საფრთხე. თქვენ რა აზრის ხართ?

-დევიდ სატერი: ვფიქრობ, რუსეთის ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით შოვინისტური ფსიქოზის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ის საზოგადოების მობილიზაციისათვის სახელმწიფო ტელევიზიებს იყენებენ. საზოგადოება უკიდურესად ნაციონალისტური პროპაგანდის გავლენის ქვეშაა. პროპაგანდის უკან კი კორუმპირებული რეჟიმი დგას, რომელსაც იმ საზოგადოებისათვის მხოლოდ ზიანი მოაქვს. პრობლემა ისაა, რომ როდესაც ასეთი პროცესი ძალას იკრებს, მისი შეჩერება ძნელია. არა მგონია, დღეს რუსეთს უკრაინის იქით წასვლა სურდეს. უკრაინაში ანტი-კრიმინალური რევოლუცია მოხდა. ამ რევოლუციამ კი მოსკოვის მთავრობას საფრთხე შეუქმნა. რუსეთის რეჟიმმა საკუთარი თავის დასაცავად საზოგადოებაში ფეხმოკიდებული შოვინისტური განწყობების გაღვივება წამოიწყო. მის ქმედებებს დანარჩენმა სამყარომ უნდა დაუდგინოს საზღვარი. რუსეთი ამბობს, რომ უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობას იცავს. ხვალ ის იტყვის, რომ სამხრეთ ოსეთში, ლატვიაში, ან ესტონეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს, ან ეთნიკურ რუსებსაც სჭირდებათ დაცვა. რუსეთის მიერ უკრაინის რევოლუციის დისკრედიტაციის მცდელობა, რუსეთის მოსახლეობის შოვინისტურ და ნაციონალისტურ განწყობებზე თამაში ქმნის ვითარებას, რომელიც მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როდესაც რუსეთის ხელისუფლება გაცნობიერებს, რომ მას ეს ყველაფერი ძვირი დაუჯდება.

-ამერიკის ხმა: რა მნიშვნელობას ანიჭებთ რუსეთ-აფხაზეთსა და რუსეთ-სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს? შესაძლებელია, თუ არა ამ რეგიონებში ყირიმის მსგავსი რეფერენდუმის ჩატარება? ამ ხელშეკრულებებით რუსეთს რისი მიღწევა სურს?

- დევიდ სატერი: რუსეთი ცდილობს, ამ ტერიტორიებს თავისი გავლენა მოახვიოს. ცდილობს, ყველას დაანახოს, რომ არც სამომავლოდ აპირებს ამ ტერიტორიების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას. ცდილობს, გაამყაროს ამ ტერიტორიების, როგორც რუსეთის პროტექტორატის სტატუსი და წერტილი დაუსვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის განხილვას დასავლეთში, თუ საკუთრივ საქართველოში. ყირიმის შემთხვევაშიც ბევრწილად იგივე ვითარებას ვხედავთ. რუსეთი ცდილობს, დაარწმუნოს ყველა, რომ მისი აგრესიის შედეგები არ გადაიხედება, რომ ყირიმი სამუდამოდ რუსეთის ნაწილი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამას არ დათანხმდება. საერთაშორისო საზოგადოება არც აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის სეპარატიზმს აღიარებს, მაგრამ რუსეთი მაინც ცდილობს საკუთარი აგრესიის შედეგების დაკანონებას. უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით მას ეს საკმაოდ კარგად გამოსდის.

- ამერიკის ხმა: რას ფიქრობთ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების შესახებ, რომელიც ყირიმის ანექსიის ერთი წლისთავს დაემთხვა.

-დევიდ სატერი: როგორც გახსოვთ, ყირიმის ანექსიიდან ცოტა ხანში უკრაინის საზღვართან ათასობით რუს ჯარისკაცს მოუყარეს თავი, რათა უკრაინელებში შიში დაეთესათ. რუსები უკრაინელთა პოზიციებს რუსეთის ტერიტორიიდან ბომბავენ. უკრაინელებს კი ეშინიათ საპასუხოდ რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა, რათა რუსებს სრულმასშტაბიანი აგრესიის საბაბი არ მისცენ. სამხედრო წვრთნები, ჯარის მობილიზაცია - ეს ყველაფერი უკრაინელებისთვის იმის შეხსენებაა, რომ ფართომასშტაბიანი თავდასხმა სავსებით რეალურია. საქმე გვაქვს შანტაჟთან, რომელიც უკვე დიდი ხანია, გრძელდება. ესაა უკრაინელებზე მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ინსტრუმენტი.

-ამერიკის ხმა: უკრაინასთან ომის პარალელურად, პრეზიდენტი პუტინი პროპაგანდის საშუალებების გამოყენებით ცდილობს, დაარწმუნოს რუსეთის მოსახლეობა, რომ ისაა ხელისუფალი, რომელსაც მათი ქვეყნისათვის ძველი დიდების დაბრუნება შეუძლია.

-დევიდ სატერი: რეალობა ისაა, რომ პუტინი არ ცდილობს რუსეთის ძველი დიდების, ან ძლიერების აღდგენას. ის სულ სხვა რამის მიღწევას ცდილობს. მისი ამოცანაა რუსეთს მოსახლეობის ყურადღების გადატანა არაეფექტური მმართველობიდან და კორუფციიდან, რაც მის სახელს უკავშირდება. ამის მიღწევის საუკეთესო საშუალება კი ომის გაჩაღებაა. საბჭოეთის დანგრევის შემდეგ მთელი რუსეთის პოლიტიკა აგებულია იმაზე, რომ ხელისუფალი ადგილობრივი პრობლემების გადასაფარად იწყებს ომს. ჩეჩნეთის პირველი ომი მაშინ დაიწყო, როდესაც ელცინის პოპულარობამ იკლო. მას იმედი ჰქონდა, რომ ხანმოკლე, ტრიუმფალური ომი პოზიციების გამტკიცებაში დაეხმარებოდა. ჩეჩნეთის მეორე ომმა პუტინის გაპრეზიდენტებაში დიდი როლი ითამაშა. ომი საქართველოში იყო მცდელობა, წინ აღდგომოდნენ საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას. უკრაინის ომი კი დაიწყო იმიტომ, რომ უკრაინის რევოლუციამ რუსეთის მოსახლეობაზეც არ იმოქმედოს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს რუსეთის დიდების აღდგენის მცდელობად წარმოაჩენენ, მაგრამ ნებისმიერი დამკვირვებლისთვის ნათელია, რომ რუსეთის ქმედება სრულიად გაუმართლებელი შიშველი აგრესიაა. რუსეთი იმ შემთხვევაში მოიხვეჭდა დიდებას, თუ ის ღირსეული დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს.

-ამერიკის ხმა: რას ფიქრობთ პუტინის ახალი დოკუმენტური ფილმის შესახებ, რომელიც ყირიმზე შეიქმნა. რისი თქმა სურდა პუტინს დასავლეთისათვის?

-დევიდ სატერი: პუტინი თავი მოჩვენებას საჭიროდ აღარ თვლის ვინმეს. ის აღიარებს, რომ ყირიმის შესახებ ადრე გაკეთებულ განცხადებებში ცრუობდა. შესაძლოა, პუტინი ფიქრობს, რომ დასავლეთში მისი ისედაც არ სჯერათ და რაღატომ წარმოაჩინოს თავი იმაზე უკეთესად, ვიდრე სინამდვილეშია. აქამდე ის იგონებდა მიზეზებს, თუ რატომ არ იყო რუსეთი აგრესორი. დოკუმენტურ ფილმში კი ის პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი აგრესორია და მას საერთოდ არ ანაღვლებს, ვინ რას იფიქრებს, ხოლო თუ დასავლეთს რაიმე არ მოსწონს, ეს დასავლეთის პრობლემაა.

-ამერიკის ხმა: რას ფიქრობთ, უნდა მიაწოდოს თუ არა შეერთებულმა შტატებმა უკრაინას თავდაცვითი შეიარაღება?

-დევიდ სატერი: უკრაინა უპირისპირდება აგრესორს. მას თავს ესხმიან. უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე უარის თქმა, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ჩუმად აღიარებს რუსეთის უფლებას, ჩაიდინოს ყველაფერი, რაც მოესურვება. ჩემი აზრით, შეერთებული შტატები ამ დათმობაზე არ უნდა წავიდეს. ეს საშიშია. ესაა რუსეთის წაქეზება ახალი აგრესიისკენ. თუ უკრაინა თავს ვერ დაიცავს, რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისაგან თავის შეკავების მიზეზი არ ექნება. არ უნდა შევეგუოთ რუსეთის მცდელობებს, ყოფილი საბჭოეთის რესპუბლიკების სათავეში მისივე მსგავსი კრიმინალური რეჟიმები მოიყვანოს. რუსეთისათვის ამგვარი უფლების მინიჭება მხოლოდ და მხოლოდ გააღრმავებს კრიზისს, მათ შორის, საკუთრივ რუსეთში.

-ამერიკის ხმა: დიდი მადლობა, ბატონო დევიდ.

XS
SM
MD
LG