29 ნოემბერს მეორედ ჩატარდა თბილისის ინტერნეტფორუმი. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძების მიზანია ერთად შეკრიბოს და ერთმანეთთან საუბრის საშუალება მისცეს ინტერნეტაქტივისტებს, დეველოპერებს, სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს და ა.შ. ფორუმი ამჯერადაც ბევრ თემას შეეხო - აქ საუბარი იყო საქართველოს რეგიონების ინტერნეტიზაციაზეც და სპორტში ინტერნეტის გამოყენების მნიშვნელობაზეც.
ორგანიზატორი, მირიან ჯუღელი, ამბობს, რომ 2015 წლის ინტერნეტფორუმი აქცენტს ინდივიდუალებსა და მათ გამოცდილებაზე აკეთებდა, ახლა კი ღონისძიების მიზანი იყო, კონკრეტული მაგალითების საფუძველზე, რაც შეიძლება მეტი უნიკალური შემთხვევა განეხილა:
"საქართველოში დღეს ინტერნეტში ძალიან ბევრი რამ კეთდება. უბრალოდ, ჩემი აზრით, ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ამ ღონისძიების ერთ-ერთი იდეა ზუსტად ეს არის, რომ ჩვენ განვიხილოთ, რა ხდება საქართველოში, ინტერნეტსივრცეში და რაღაცნაირად შთაგონება მივიღოთ აქედან, რომ ჩვენც რამე გავაკეთოთ. კონკრეტული გამომსვლელი შეიძლება გამოვიდეს კომერციული იდეით და მან აქ ნახოს ადამიანი, რომელიც დაეხმარება განვითარებაში ან დაფინანსებაში და ა. შ. ამიტომაც, მე მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ ხდება დღეს ინტერნეტში. უბრალოდ, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა აღმოვაჩინოთ, ვისაუბროთ ამაზე და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, რაც ხდება ამ ღონისძიებაზე რეალურად".
ფორუმი გახსნა სესიამ ინტერნეტის ისტორიის შესახებ საქართველოში. თავდაპირველად დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ბესარიონ გუგუშვილის ვიდეო, სადაც ის საუბრობდა პირველი ნაბიჯების, პირველი ფონტების და პირველი საიტის შესახებ საქართველოში. სანდრო ქარუმიძის პრეზენტაცია გვაცნობდა, თუ როგორ შემოვიდა საქართველოში ინტერნეტი, როგორი იყო პირველი სერვისები და რა გზა გაიარა ინტერნეტკომუნიკაციამ საქართველოსთვის .ge დომეინის მინიჭებიდან დღემდე. პრეზენტაციას დადებითი გამოხმაურება ჰქონდა ტვიტერზეც, სადაც ერთ-ერთი მომხმარებელი იმასაც წერდა, რომ აუცილებელია ასეთი ისტორია სკოლაშიც ისწავლებოდეს. სანდრო ქარუმიძე ფიქრობს, რომ საქართველოში ინტერნეტის განვითარების ისტორიისთვის სტრუქტურული სახის მიცემა შესაძლებელია და, ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, შეიძლება ამან მეტი ადამიანი დააინტერესოს:
"ისტორია იმისთვის არის როგორც მეცნიერება, რომ რაღაც შეისწავლო, კანონზომიერებები დაინახო და მომავალში გამოიყენო. მე შევეცადე, რაც მთხოვეს - ეს, მგონი, ორი კვირის წინ იყო - და რაც მოვახერხე სწრაფად, ინფორმაცია მოვაგროვე. მეც ამ სფეროში ვმოღვაწეობდი, ხალხსაც გამოვკითხე და ძალიან მოკლე ინფორმაცია შევაგროვე. თუმცა შეიძლება უფრო დეტალურად გაანალიზება, რატომ მოხდა რაღაც მოვლენა, როგორ შეიძლებოდა ცუდი შედეგისთვის თავის არიდება, უკეთესი შედეგის მიღება, ანუ ამ თვალსაზრისით გაანალიზება ამ ყველაფრის".
ფორუმი გაგრძელდა დისკუსიით საქართველოს ინტერნეტიზაციის შესახებ, რომელზეც აუდიტორიას ოუფენნეტის წარმომადგენელმა ანა ნაკაშიძემ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ წარმოუდგინეს გეგმა, რომლითაც საქართველოს რეგიონების ინტერნეტიზაცია უნდა მოხდეს. პრეზენტაციამ ბევრი შეკითხვა გააჩინა როგორც დამსწრე აუდიტორიაში, ასევე ინტერნეტში. შეკითხვები შეეხებოდა პროექტის განვითარების ეტაპებს და ვადებს, იმას, თუ რამდენად უნდა ჩაერიოს სახელმწიფო აქტიურად ამ სფეროში და გაგრძელდება თუ არა პროექტი იმავე სახით, თუ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება. დისკუსიის მოდერატორი იყო უჩა სეთური IDFI-დან, რომელიც საუბრობს ზემოხსენებული თემების შესახებ:
"ცოტა ბუნდოვანია ერთი რამ - ის, რომ ჩვენ არ გვაქვს წინასწარ გაწერილი სტრატეგია -თუ რას ვაპირებთ, საით მივდივართ, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ და რა დროში გავაკეთოთ ეს და რა შედეგებს მივიღებთ - და რისკების შეფასება: რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს პროექტი ისეთი წარმატებული არ იქნება, როგორიც გვინდა. ჩვენი აზრით, უმჯობესია, რომ ამ ასორმოცდაათი მილიონიდან დაიხარჯოს ნახევარი ინტერნეტიზაციაზე, ოღონდ არა ქსელის მშენებლობისთვის, არამედ მოთხოვნის ფორმირებისთვის და გაზრდისთვის. მაგალითად, იგივე კომპიუტერების დარიგებით, მოსახლეობის ტრენინგებით რომ მოხდეს დეცენტრალიზაცია, distance worker-ების გაჩენა და გასვლა ამ ყველაფერის გარეთ. ახლა, რაც შეეხება გამომსვლელებსა და შეკითხვებს, ჩემთვის იდეაში ყველაზე კარგი შეკითხვა იყო ბოლო შეკითხვა: "რატომ ვერევით ამ ყველაფერში, საერთოდ, და რა შედეგებს მივიღებთ და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი არ გამოგვივა". პასუხი, ჩემთვის პირადად, ამ კითხვაზე გაცემული არ იყო".
ასე აჯამებს უჩა სეთური დისკუსიის მთავარ თემებს.
რეგიონების ინტერნეტიზაციას ფორუმზე ლოგიკური გაგრძელება ჰქონდა. ამჯერად ინტერნეტფორუმის სტუმარი იყო უჩა ქემაშვილი, ადამიანი, რომელმაც სოფელ ჩუმლაყში დამოუკიდებლად მოაწყო ვაი-ფაი ზონა და საშუალება მისცა სოფლის მოსახლეობას უფასოდ ესარგებლა ინტერნეტით. ეს იყო სესია, რომელზეც დამსწრეებმა ყველაზე მეტჯერ დაუკრეს ტაში, სთავაზობდნენ უჩას დახმარებას და გზებს, თუ როგორ შეიძლებოდა სკვერის განვითარება მომავალში. უჩა ქემაშვილი თვლის, რომ ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ბევრ რამეს შეცვლის სოფლის მოსახლეობისთვის:
"კითხვა დამისვეს, ყველა სოფელში რომ იყოს ინტერნეტი რამდენად მნიშვნელოვანიაო. აღვნიშნავ: ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მიმაჩნია, ახლანდელი თაობისთვის საჭიროა ინტერნეტი ინფორმაციის მოსაძიებლად. ყველა სოფელში, მე ვფიქრობ, რომ ასეთი, თუ დიდი სკვერი არა, პატარა სკვერები მაინც უნდა იყოს მოწყობილი".
ფორუმის ბოლო სესიები შეეხო კონკრეტულ გამოცდილებებს, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებთ - ეს ქართულენოვანი ინტერნეტისთვის აქტუალური შემთხვევებია და ჩვენ შეგვიძლია პირადად მოვუსმინოთ ადამიანებს, რომლებიც ქმნიდნენ ან ქმნიან გამორჩეულ პროექტებს ქართველი მომხმარებლისთვის. მაგალითად, 13 ივნისის მოძრაობა ინტერნეტში თავიდან დაიწყო იმისთვის, რომ მძიმე დროში მეგობრებს ერთმანეთისთვის დახმარება გაეწიათ და ინფორმაცია გაეცვალათ, ერთ დღეს კი ამ მოძრაობას ათასობით ადამიანი შეუერთდა.
არანაკლებად მნიშვნელოვანია სოცმედია, იმიტომ რომ ტელებადე ტელებადეა, იქ როდის რა გავა, ღმერთმა იცის. აქ სოცმედია გაქვს შენს ხელში, გყავს შენი სამიზნე აუდიტორია და სურვილი გაქვს, რომ ეს სამიზნე აუდიტორია გაზარდო...სანდრო უჯმაჯურიძე
მოხალისეები ერთიანდებოდნენ ფეისბუკჯგუფში, რომლის ერთ-ერთმა შემქმნელმა, ნინჩო ეგაძემ, დღევანდელი პერსპექტივიდან შეაფასა მაშინ მომხდარი მოვლენები.
"როცა ეს ყველაფერი დავიწყეთ, ამას არ ვუყურებდით როგორც მარკეტინგულ საქმიანობას. ეს იყო ჩვენი მოხალისეობრივი ვალი იმ კუთხით, რომ გვენახა საუკეთესო რესურსი, რომლითაც ჩვენ შევძლებდით შემწეობა გაგვეწია ამ პროცესისთვის. რა თქმა უნდა, მერე ეს ყველაფერი გადაიზარდა დიდ მოძრაობაში, თუმცა დასაწყისში არავინ იცოდა, გაამართლებდა თუ არა, იმუშავებდა თუ არა და, საერთოდ, როგორი ბოლო ექნებოდა ამ ყველაფერს. ამიტომ, ბოლო კითხვაზე, როცა დაკითხვებზე დავდიოდი და მეკითხებოდნენ, რატომ გაგიჩნდათ ეს იდეაო, ეჭვიც კი მეპარებოდა, საერთოდ ღირდა თუ არა ამ ყველაფერში შესვლა და საერთოდ როგორ გავბედეთ ეს ყველაფერი დასაწყისში".
ფორუმი დასრულდა საინტერესო მოხსენებით, რომლის ავტორიც იყო რაგბის კავშირის წარმომადგენელი, სანდრო უჯმაჯურიძე. რაგბის კავშირი იმით გამოირჩევა დანარჩენი ქართული სპორტული ორგანიზაციებისგან, რომ ის აქტიურად იყენებს ინტერნეტს, როგორც ინფორმაციის გავრცელების საშუალებას.
"საქართველოს რაც შეეხება, არის ასეთი მდგომაროება, რომ... მოდი, მოვრიგდეთ ერთ მოცემულობაზე, რომ პირველი მაინც გლობალურად ინფორმაციის გამავრცელებელი, ხელმისაწვდომი ყველასთვის და ყველგან არის მაინც ტელევიზია, როცა საქმე ეხება სპორტს, იმიტომ რომ ტელეეთერი... გლობალურად ვუყურებთ და ა. შ. და ა. შ. ანუ ვიზუალზე. მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანია სოცმედია, იმიტომ რომ ტელებადე ტელებადეა, იქ როდის რა გავა, ღმერთმა იცის. აქ სოცმედია გაქვს შენს ხელში, გყავს შენი სამიზნე აუდიტორია და სურვილი გაქვს, რომ ეს სამიზნე აუდიტორია გაზარდო, რა თქმა უნდა, და ქმნი კონტენტს - კონტენტს, რაც აინტერესებთ, იმიტომ რომ გყავს მომხმარებელი, ეს სიტყვა რომ ვიხმაროთ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია: რა ხდება? ვინ როგორ არის? ამ მომენტში რა ხდება? ანგარიში რა არის, ვინმემ ტრავმა ხომ არ მიიღო? და ა. შ. ეს ინფორმაცია ყოველთვის უნდა მიაწოდო, ყველაზე კარგი ხერხი ამისთვის არის, რა თქმა უნდა, სოციალური მედია, ანუ ინტერნეტი".
თუმცა ფორუმი არ იყო მხოლოდ ჩამოთვლილი პრეზენტაციები და თემები - აქ განიხილეს, თუ როგორ მოახერხა ქართველმა დიზაინერმა თავისი პროდუქციის გატანა საერთაშორისო ბაზარზე და როგორ ყიდის ნამუშევრებს ინსტაგრამით, მოისმინეს ქართული სტარტაპის "ფოტორატორის" შესახებ და ა. შ. მირიან ჯუღელი ამბობს, რომ თბილისის ინტერნეტფორუმის მიზანი მომავალში იქნებ გახდეს საერთაშორისო და შეეხოს უკვე არა მხოლოდ ქართულ გამოცდილებას, არამედ, მოწვეული გამომსვლელების დახმარებით, აუდიტორიას წარუდგინოს ახალი თემები.