Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანაზოგებისა და ექსპორტის გაზრდა ყველაზე კრიტიკული ელემენტებია


მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ახალი ორი სესხი, რომელთა ჯამური ღირებულება 120 მილიონი დოლარია, ქვეყანაში კერძო ბიზნესის განვითარებას, ექსპორტის გაზრდას და უცხოეთიდან შემოსულ საქონელზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. სესხის ხანგრძლივობა 25 წელია და მისი გადახდის გადავადება 14 წლითაა შესაძლებელი. ბანკს მიაჩნია, რომ საქართველო რეფორმების სწორ გზას ადგას, თუმცა რეგიონში მიმდინარე პროცესები ქვეყანას რთული გამოწვევების წინაშე აყენებს. ია მეურმიშვილი მსოფლიო ბანკის უფროს ეკონომისტ ჰანს ტიმერს ესაუბრა.

სესხების დანიშნულებაზე საუბრისას ტიმერი აცხადებს:

„ამ ორი სესხის დანიშნულება „საქართველო 2020“ სტრატეგიაში აღწერილი რეფორმების მხარდაჭერაა. რეფორმების ამ პროცესში 4 ძირითადი მიმართულებაა გამოყოფილი - მაკრო-ეკონომიკური მდგრადობისა და მთავორბის ეფექტურობის გამყარება, კეძო სექტორის პროდუქტიულობის გაუმჯობესება, ფინანსურ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებადა ადამიანური კაპიტალის დახვეწა.“

მსოფლიო ბანკის ახალი სესხი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში შეუწყობს ხელს. თუმცა, ტიმერი აცხადებს, რომ სესხის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისთვის მკაცრად განსაზღვრული ვადები არ არსებობს:

„განვითარების პოლიტიკის სესხების პრინციპი ასეთია - ისინი წარსულში ჩატარებული სამუშაოებისთვის ერთგვარი დაჯილდოებაა. მათთვის სამომავლო ვადები არ არსებობს. ის მართალია, რომ ეს 120 მილიონიანი სესხების სერიის დასაწყისია. გარდა ამისა, წლის განმავლობაში, საქართველოს საშუალოდ 200 მილიონის ოდენობის სესხს ვაძლევთ. ეს მომავალში დამატებითი სესხების აღების შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამიტომ გვაქვს მოლოდინი, რომ მთავრობის მიერ რეფორმების განხორციელებაში პროგრესი იქნება.“

2014 წელს საქართველოს საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 83 პროცენტი იყო, ხოლო მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი კი 9.7 პროცენტი. ასევე შემაშფოთებელია ქვეყნის სავაჭრო დეფიციტით, რომელიც წინა მაჩვენებლთან შედარებით თითქმის ორჯერ მაღალია. ტიმერი აცხადებს, რომ ამ ტენდენციამ საქართველოს შეიძლება მომავალში უცხოურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდოს:

„მომავალში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ აწარმოოს მეტი ექსპორტი და ნაკლები იმპორტი. სესხების ნაწილი სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯება. ერთი რეფორმა საპენსიო ფონდის გახსნისთვის საჭირო წახალისებების შემუშავებაა. იმედია ეს ნაბიჯი შიდა დანაზოგების ოდენობას გაზრდის, რაც იმპორტის შემცირებას შეუწყობს ხელს. კიდევ ერთი რეფორმა იმ კომპანიების მხარდაჭერაა, რომლებიც ექსპორტზე მუშაობენ. ზოგადად, აუცილებელია მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკა ახალ გარემოს მიესადაგოს. ამის ერთი მაგალითი ვალუტის გაცვლითი კურსის დევალვაციაა, რაც სწორედ იმას გვაჩვენებს, რომ ქვეყანა ახალ გარემოს ერგება. ის რაც წარსულში ხდებოდა - იმპორტის ძალიან დიდი ოდენობა და მცირე ექსპორტი - მომავალში არ შეიძლება გაგრძელდეს.“

მიმდინარე მდგომარეობის გამოსასწორებლად, ტიმერი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციების სთავაზობს:

„ორი ძითადი რამ - უნდა დაზოგოთ მეტი და ექსპორტში უნდა გახდეთ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი. მეტი დანაზოგის გაკეთება ადამიანებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა იქნება იმისთვის, რომ მათ საპენსიოდ ფულის დაზოგვა დაიწყონ. კონკურენტუნარიანობის გაზრდა კი ორ საკითხზეა დამოკიდებული - პირველი მაკრო ეკონომიკური პოლიტიკაა, რაშიც ვალუტის გაცვლითი კურსიც შედის და ამ მიმართულებით მიმდინარე დევალვაცია ექსპორტის გაზრდას ხელს უწყობს. მეორე კი ინფრასტრუქტურის განვითარებაა - კერძოდ კი იმაში დარწმუნება, რომ მაღალი სიჩქარის ინტერნეტი თუ საგზაო ტრანსპორტი ფირმებს ექსპორტში ხელს უწყობს. მთავრობას ასევე შეუძლია ტექნოლოგიისა თუ ტრეინინგების მიწოდებით, ხელი შეუწყოს ახალ კომპანიებს, რომლებსაც ექსპორტის წარმოება სურთ.“

საქართველოს ეკონომიკის სიჯანსაღის შეფასებისას, ტიმერი აცხადებს, რომ ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც აშფოთებს სამომავლო პერსპექტივა:

„საქართველოს ეკონოიკური პერსპექტივა გვაშფოთებს - ისევე როგორც მის მეზობელ სხვა ქვეყნებში. ეს არ არის ჯანსაღი მდგომარეობა. ვიტყოდი, რომ საქართველოს ძალიან რთული გარე ფაქტორებისთვის უწევს თავის გართმევა. საქართველო ექსპორტს აწარმოებს რუსეთში, აზერბაიჯანში - ქვეყნებში, სადაც ნავთობზე ფასების გვარდნის გამო შემოსავლები თითქმის განახევრდა. ასევე არის ექსპორტი სომხეთში, სადაც ნავთობის ფასების ვარდნამ დიდი უარყოფითი შედეგები მოიტანა ფულადი გზავნილების შედინების მხრივ. ამ ქვეყნებში ექსპორტი ზეწოლას განიცდის. ასევე შემცირდა ამ ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები ადამიანებისგან, რომლებიც იქ მუშაობებ [და საქართველოში ფულს აგზავნიან]. ზოგადად გარემო გამოწვევებითაა სავსე. წელს ევროპასა და შუა აზიაში ეკონომიკური ზრდა 0 პროცენტია. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მდგომარეობა ზოგადად რთულია და საქართველოს მძიმე პირობებისთვის უწევს თავის გართმევა.“

მსოფლიო ბანკს მიაჩნია, რომ რეგიონში მიმდინარე რთული პროცესებისთვის თავის გასართმევად და გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის საფუძვლის ჩასაყრელად, საქართველომ შიდა დანაზოგებისა და ექსპორტის რაოდენობის გაზრდა უნდა დაიწყოს.

XS
SM
MD
LG