15 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მარიამ გამახარაშვილი, ორგანიზაცია "ჯამპსტარტ ჯორჯიას" წარმომადგენელი და პროექტ "ჰაერის ფილტრის" კოორდინატორი. პროექტის მიზანია შექმნას და მხარი დაუჭიროს იმ ორგანიზაციებისა და პირების ქსელს, რომლებიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით მუშაობენ. პროექტის ფარგლებში დაიგეგმება ადვოკატირების კამპანია, რომელსაც ქსელის წევრები ერთობლივად განახორციელებენ.
Filter.ge არის ონლაინ პლატფორმა, სადაც ადამიანები შეძლებენ მიმზიდველი სახით მიიღონ ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების პრობლემის შესახებ, ასევე გაიგონ როგორ შეიძლება შეცვალონ თავიანთი ყოველდღიური ჩვევები, იმისათვის რომ გარემო ნაკლებად დააზარალონ. პლატფორმის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ დადონ „პირობა“. „პირობა“ არის ქმედება, რომელიც ადვილი განსახორციელებელია, მაგალითად: შეცვალეთ თქვენი სკოლამდე მისასვლელი გზა, აირჩიეთ ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტრანსპორტი, გახდით უფრო პასუხისმგებლიანი მომხმარებელი და ა.შ.