Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

H1N1 ადამიანს ნაკლები ძალით უტევს


20 იანვარს საქართველოში H1N1 ვირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე პაციენტი ორსულია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2011 წელს ლაბორატორიულად დადასტურებული 29 შემთხვევიდან ლეტალურად დასრულდა ერთი. თუკი შარშანდელ მონაცემებს გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ H1N1 ვირუსი, ე.წ. ღორის გრიპი, აშკარად უკან იხევს, თუმცა გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კვლავაც აუცილებელია სიფრთხილე განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში შემავალი ავადმყოფების მხრიდან.

თავდაპირველად ვთქვათ, რომ H1N1-ის მძიმედ მიმდინარეობის მიხედვით, განსაზღვრულ რისკ-ჯგუფებში შედიან: ორსულები, 2 წლამდე ასაკის ბავშვები, მოხუცები და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები. ეს ის კატეგორიებია, რომლებმაც გრიპი სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართონ ექიმს. დანარჩენები კი, უმჯობესია, რამდენიმე დღე დაელოდონ გამოჯანმრთელებას, ეს დრო სახლში გაატარონ და მიიღონ დიდი რაოდენობით თბილი სითხე, - ასეთია ექიმების რჩევა. განსაკუთრებული სიფრთხილე მათ მდგომარეობის გართულების შემთხვევაში მოეთხოვებათ.

”ეს იმ შემთხვევაში, თუკი მაღალი ცხელება გრძელდება 3-4 დღეზე მეტ ხანს და მკვეთრად არის გამოხატული ინტოქსიკაციის ნიშნები. თუკი პაციენტს ასევე აღენიშნება გულის რევის შეგრძნება, ხანგრძლივი თავის ტკივილი და ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, მან ყურადღება უნდა მიაქციოს თავის მდგომარეობას და სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს... ეს ვირუსი საშიში იმით არის, რომ მომენტალურად შეიძლება განვითარდეს ე.წ. ფილტვის მწვავე უკმარისობა...”

თბილისის მე-3 სამკურნალო პროფცენტრის ექიმ-თერაპევტის რუსუდან ასათიანის დაკვირვებით, შარშანდელთან შედარებით წელს აშკარად შემცირებულია პაციენტების რიცხვი და ეს ეხება როგორც ცენტრში მიმსვლელთა, ასევე ექიმის ბინაზე გამოძახების მსურველთა რაოდენობას. რუსუდან ასათიანი იხსენებს, რომ შარშან ხალხი გაცილებით უფრო შეშინებული იყო და სამედიცინო დაწესებულებას სასწრაფოდ აკითხავდა, სურდოს შემთხვევაშიც კი. ანტივირუსული მკურნალობისთვის საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ძირითადად მიმართავენ პრეპარატებს ტამიფლუსა (Tamiflu) და რელენზას (Relenza). ექიმი-თერაპევტი რუსუდან ასათიანი ამბობს, რომ რელენზას რეცეპტის გამოწერა მას წელს მხოლოდ ერთი ორსული ავადმყოფისთვის მოუხდა.

ამბულატორიული დაწესებულებების მსგავსად, გრიპის სიმპტომებით შეწუხებული პაციენტების რიცხვის ზრდა, შარშანდელთან შედარებით, არც სასწრაფო დახმარების სამსახურის - 033-ის ხაზით შეინიშნება, თუმცა გამოძახებების რიცხვი გრიპის სეზონის შესაბამისად მაინც გაზრდილია: თუკი დეკემბერში იყო 200-250 გამოძახება, ჰაერის ტემპერატურის კლების კვალდაკვალ, იანვრის პირველ 20 დღეში სასწრაფო დახმარების სამსახურში 300-მდე გამოძახება დარეგისტრირდა.

ეს მონაცემი, როგორც ვთქვით, უჩვეულო არ არის ზამთრის სეზონისთვის და თანაც თითქმის განახევრებულია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს 033-ის საოპერატორო სამსახურის უფროსი კახა კარიაული ამბობს, რომ სასწრაფო დახმარებას თბილისელები, ძირითადად, მაღალი სიცხის შემთხვევაში იძახებენ:

”უფრო ხშირად გვიძახებენ იმისთვის, რომ ინფორმაცია გაიგონ და ფილტვები მოვისმინოთ - არის თუ არა ღორის გრიპი. თუმცა სასწრაფო-გადაუდებელი დახმარება ამას ვერ დაადგენს შესაბამისი კვლევის გარეშე.”

შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის სტატისტიკის მიხედვით, H1N1 ვირუსის შემთხვევათა რიცხვი აშკარად შემცირებულია და ამას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრშიც ადასტურებენ. ინფექციურ დაავადებათა ცენტრის უფროსი ხათუნა ზახაშვილი განგვიმარტავს, რომ თუკი წელს H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 29 შემთხვევაა გამოვლენილი, შარშან იმავე პერიოდში გამოვლენილ შემთხვევათა რიცხვი 121-ს შეადგენდა. აშკარაა, რომ ვირუსმა უკან დაიხია და, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი სეზონური გრიპის თვისებები გამოავლინა:

”პირველმა შემთხვევამ 2009 წლის ივლისში იჩინა თავი. შემდეგ კი რეგისტრირდებოდა ერთეული შემთხვევები, ვიდრე არ მივედით 2009 წლის ბოლომდე. პიკური იყო 2009 წლის ბოლო 2 კვირა, ხოლო 2010 წლის დასაწყისიდან შემთხვევები თანდათან შემცირდა... 2010 წლის მარტის შემდეგ პანდემიური გრიპის ვირუსი საქართველოში აღარ ცირკულირებდა აქტიურად.”

პანდემია ამა თუ იმ დაავადების მსოფლიო მასშტაბით ფართო გავრცელებას ნიშნავს. ის ცხადდება არა რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში და ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეროგატივა. H1N1-თან დაკავშირებით ხსენებულმა ორგანიზაციამ პანდემიურ წლებად 2009-2010 წლები გამოაცხადა, ხოლო 2010 წლის აგვისტოში პანდემიური განგაში გააუქმა. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში კონკრეტულად H1N1 ვირუსის გავრცელების საფრთხე შემცირდა, რადგანაც მსოფლიოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, დაავადების ერთხელ გადატანის შედეგად, შესაბამისი იმუნიტეტი გამოუმუშავდა. განგაშის გაუქმების შემდეგ, მსოფლიო გადავიდა, ასე ვთქვათ, პანდემიის შემდგომი პერიოდის რეჟიმზე.

მართალია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროგნოზით, შემთხვევათა რიცხვი შარშანდელ მაღალ მაჩვენებელს არ მიაღწევს, მაგრამ სიფრთხილე მაინც მოგვეთხოვება, რადგანაც H1N1 ვირუსის შემთხვევათა რიცხვის გარკვეული ზრდა მაინც მოსალოდნელია თებერვლის დასაწყისისთვის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG