Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჯანმრთელი სამყარო“ არჩევნებს კონფლიქტის ზონაში დააკვირდება


არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელი სამყარო“ გორისა და ქარელის რაიონებში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პროექტის პრეზენტაცია გამართეს და საზოგადოებას ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ უამბეს. ეს ორგანიზაცია, სხვა ხუთ ორგანიზაციასთან ერთად, წარმოადგენს „კოალიციას სამოქალაქო განვითარებისთვის“, რომელმაც არჩევნებზე დასაკვირვებლად „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსება მიიღო. „ჯანმრთელმა სამყარომ“ გორში დამკვირვებლები უკვე შეარჩია. ორგანიზაციის წარმომადგენლის ირინა ფუტკარაძის განცხადებით, საარჩევნო პროცესზე დაკვირვება მოხდება როგორც არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდში, ამიტომ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა პოლიტიკურ პარტიას თანამშრომლობას სთავაზობს.

„პროექტის ფარგლებში განსაზღვრული გვაქვს, რომ ყველა იმ შეხვედრას გავუწიოთ მონიტორინგი, რომელსაც დაგეგმავენ პოლიტიკური პარტიები. ჩვენ ვთვლით, რომ გარკვეული კოორდინაცია ამ თვალსაზრისით უნდა გვქონდეს. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ეს რეგიონი საკმაოდ მძიმეა არჩევნებთან მიმართებაში. საუბარია იმაზე, რომ ძალიან ბევრი ხარვეზი არის არჩევნების დღეს, სხვადასხვა ტიპის დარღვევები ხდება და მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ჩვენი დამკვირვებლებით აღმოვფხვრათ ეს“, – აცხადებს ირინა ფუტკარაძე.

ორგანიზაციას 30 დამკვირვებელი ეყოლება, რომლებიც არჩევნების დღეს გორის და ქარელის რიგ საარჩევნო უბნებში გადანაწილდებიან. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის დამკვირვებლები მხოლოდ ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა სოფლების საარჩევნო უბნებს დააკვირდებიან. საარჩევნო და „პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის კახა კახიშვილის განცხადებით, წინა არჩევნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები, უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, კონფლიქტის ზონის სოფლებში შესვლას ერიდებოდნენ, ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ ამ ხარვეზის აღმოფხვრა გადაწყვიტა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მხარდაჭერა მიიღო.
დამკვირვებელთა კორპუსი არა სიმპათია-ანტიპათიის გამო შევარჩიე, არამედ ნაწილი - გამოცდილება, ნაწილი - ახალგაზრდები, რომლებსაც სხვა რაღაც სიყალბეებში მონაწილეობა არ მიუღიათ ...
არინა თავაქარაშვილი

„საარჩევნო გარემო იძლევა იმის საფუძველს, რომ ვთქვათ, ველოდებით მეტ-ნაკლებად სერიოზულ დარღვევებს. აქედან გამომდინარე, შევთანხმდით კოალიციაში, რომ იქნებ გორის საზღვრისპირა რეგიონები ავიღოთ და ამ იდეით მივმართეთ ჩვენ „ღია საზოგადოება - საქართველოს“. ჩვენ შემდგომში უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც გვქონდა ამაზე საუბარი. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და მაქსიმალურად ვცდილობთ ჩავრთოთ საერთაშორისო კომპონენტი“, – ამბობს კახა კახიშვილი.

ორგანიზაციის დამკვირვებლებად სტუდენტები და ახალგაზრდები შეირჩნენ, რომლებიც არჩევნების წინ ტრენინგებსაც გაივლიან. ორგანიზაციის კოორდინატორი გორში არინა თავაქარაშვილი იქნება. მისი თქმით, ორგანიზაცია აუცილებლად ობიექტურ სურათს დადებს კონფლიქტის ზონაში ჩატარებული არჩევნების შესახებ.

„დამკვირვებელთა კორპუსი არა სიმპათია-ანტიპათიის გამო შევარჩიე, არამედ ნაწილი - გამოცდილება, ნაწილი - ახალგაზრდები, რომლებსაც სხვა რაღაც სიყალბეებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ისინი საარჩევნო სამართალში საკმაოდ კარგად ერკვევიან“, – აცხადებს არინა თავაქარაშვილი.

გორელები რეგიონში სადამკვირვებლო მისიის შემოსვლას მიესალმებიან. მათი აზრით, რაც მეტი დამკვირვებელი იქნება ადგილზე, მით მეტი იქნება გარანტია, რომ საპარლამენტო არჩევნები გამჭირვალედ და ობიექტურად ჩატარდება. შალვა ტლაშაძის აზრით, არჩევნები საარჩევნო უბნებშივე უნდა დასრულდეს და ქუჩაში აღარ უნდა გადაინაცვლოს, ამაში კი დიდი როლი სწორედ სადამკვირვებლო მისიებს დაეკისრება.

„ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მე მიმაჩნია, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმაც, პოლიტიკურმა პარტიებმაც ხმები უნდა დაიცვან უშუალოდ საარჩევნო უბნებში და არა ფართომასშტაბიანი აქციებით ან სხვა რადიკალური ფორმებით. დამკვირვებლების ქმედითობა ბევრად განსაზღვრავს არჩევნების შედეგებსაც და ზოგადად ქვეყნის მომავალ განვითარებასაც“, – ამბობს შალვა ტლაშაძე.

„ჯანმრთელი სამყარო“ ინფორმაციას საარჩევნო მონიტორინგის შესახებ პერიოდულად მედიით გაავრცელებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის.
XS
SM
MD
LG