Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლ გობლი: თადამსხმელებმა პუტინს შეახსენეს, რომ ჩეჩნეთს ვერ გააკონტროლებს


გროზნო, 4 დეკემბერი, 2014
გროზნო, 4 დეკემბერი, 2014

"ამერიკის ხმამ" ინტერვიუები ჩამოართვა ევრაზიისა და რუსეთის საკითხების სპეციალისტებს, რომლებმაც ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარება და გახშირებული ძალადობის ფაქტები შეაფასეს:

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გლობალური საკითხების პროფესორი, რუსეთში მიმდინარე მოვლენებში განსწავლული ანალიტიკოსი მარკ გალეოტი აცხადებს:

"ვფიქრობ, გროზნოში ხუთშაბათს მომხდარი თავდასხმა სამხედრო თვალსაზრისით უმნიშვნელო, მაგრამ მთლიანი პოლიტიკური და სიმბოლური კუთხით მრავლისმთქმელი იყო. სინამდვილეში, ეს მეამბოხეების მიერ თვითმკვლელის ტაქტიკით მომხდარი თავდასხმა იყო. მათ თავის დაღწევის მცირე შანსი ჰქონდათ და გაქცევა სერიოზულად არც უცდიათ. ამის ნაცვლად, მათ დაუმორჩილებლობის ჟესტი პრეზიდენტ პუტინის სიტყვით გამოსვლის დღეს აჩვენეს, რათა ის უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინათ და უცხოურ მედია საშუალებებში მაქსიმალურად გამოჩენილიყვნენ.

თავდასხმა ღიად მოხდა, მაგრამ ჩეჩნეთის სახელმწიფოსთვის არანაირი სერიოზული დარტყმა არ მიუყენებია. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ თავდასხმის წინასწარ განსაჭვრეტი გზავნილიც არ დაგვინახავს. თუ ტერორისტები ნამდვილად სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტს ან პიროვნებებს არ ესხმიან თავს და ამისთვის საკუთარი სიცოცხლის გაწირვას არ ერიდებიან, მათი შეჩერება ან ამის თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელია."

ევრაზიის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსი, ამერიკის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი პოლ გობლი ამბობს:

"პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, რომ ჩეჩნეთი სტაბილური არასდროს ყოფილა. 1998 წლის ბოლოს პუტინის მიერ დაწყებულ ომს საბოლოო გამარჯვება არ მოუტანია. იმ მხარეში ძალიან ბევრი ადამიანი მოსკოვის მმართველობას არ ცნობს და ეს ხალხი რეგიონში მოსკოვის ძალაუფლებას არც არასდროს აღიარებს, ისევე, როგორც მოსკოვის აგენტების მმართველობას, როგორიც რამზან კადიროვია. ასე რომ, იქ ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც ბრძოლის გაგრძელება სურს. საკითხავი ის არის, რატომ მაინცდამაინც ახლა? ამის ორი შესაძლო ახსნა არსებობს.

პირველი, აქტივისტებმა ჩეჩნეთში ჩათვალეს, რომ მედიის მაქსიმალურ ყურადღებას მიიპყრობდნენ, პუტინს და მოსკოვის მმართველობას ძირს დამატებით გამოუთხრიდნენ, თუ ამ აქციას იმ დროს ჩაატარებდნენ, როცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში, მოსკოვში პრეზიდენტ პუტინის სიტყვით გამოსვლა იყო. მე მჯერა, რომ სავარაუდოდ ეს მიზეზი იყო.

მეორე ახსნა უფრო ღრმა შეთქმულების თეორიის ჟანრს განეკუთვნება და იმაში მდგომარეობს, რომ ამ აქციის ორგანიზება რუსეთის უშიშროების ძალებმა მოახდინეს და ეს იმისთვის გააკეთეს, რომ საერთაშორისო საზოგადოების თანაგრძნობა გამოეწვიათ იმ გამოწვევების გამო, რის წინაშეც პუტინი დგას.თუმცა გარემოებიდან გამომდინარე, მე ეს ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია. მაგრამ, როცა კრემლში პუტინია-უშიშროების კაცი, ასეთი რაღაცეების გამორიცხვა არ შეიძლება.”

პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ მეტ-ნაკლები მუდმივობით დაღესტანში და სხვა ადგილებში ბევრად უფრო მაღალი დონის თავდასხმები ხდებოდა. ბოლო ორიოდ თვეში, დაღესტანში სულ მცირე, სამ-ოთხ რაიონში რუსეთის ხელისუფლებამ კონტრტერორისტული ოპერაცია გამოაცხადა. ეს სტაბილური რეგიონი არ არის. მე მეტ მსგავს თავდასხმებს მოველი. ვფიქრობ ახლა, როცა საერთაშორისო საზოგადოებას და რუსეთის საზოგადოებას შეახსენეს, რომ პუტინი ჩეჩნეთს ვერ აკონტროლებს, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ჯგუფები, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, ამ თვალსაზრისის განსამტკიცებლად მომდევნო ქმედებებს განახორციელებენ.

XS
SM
MD
LG