დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დარწმუნებულნი არიან, რომ ე. წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის ჩვენება მთლიანად შეცვლის საქმის მსვლელობას. მისი დაკითხვა დილიდან მიმდინარეობდა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში. დაკითხვამდე ადვოკატები პროკურატურას საქმისა და საკითხის გამოძიების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში ანაშაულებდნენ, პროკურატურა კი, თავის მხრივ, ირწმუნებოდა, რომ დეკანოზის დაკითხვის 5 მცდელობა ჰქონდათ, რაზეც ბრალდებულისგან უარი მიიღეს.
ე. წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული გიორგი მამალაძის დაკითხვა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი დაკითხვა, პროცედურული საჭიროებიდან გამომდინარე, მცირე ხნით შეწყდა და მოგვიანებით ისევ გაგრძელდა. შესვენების დროს ე. წ. მატროსოვის ციხიდან გამოსული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები, ისევე როგორც დაკითხვამდეც, აცხადებდნენ, რომ მისი ჩვენება საქმის მიმდინარეობას შეცლის, თუმცა დეტალები მედიასთან საუბარში ადვოკატ მიხეილ რამიშვილს არ გაუმხელია:
„მამა გიორგი იძლევა იმ ჩვენებას, რისი მიცემაც მას სურს, მეტი არაფრის შეცვლას ის არ აპირებს და აბსოლუტურად განსხვავებული იქნება ამ ჩვენების საფუძველზე მის მიმართ წაყენებული ბრალის საფუძვლიანობა“.
ბრალდებულის კიდევ ერთი ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას, სიტყვებით, ისინი დაინტერესებულნი არიან პროკურატურამ საქმეზე ჭეშმარიტი ძიება დაიწყოს, თუმცა, პროკურატურა გამოძიებას სპეციალურად აჭიანურებს და დაცვის მხარეს მუშაობას უწუნებს, როცა ამბობს, რომ მათ თავადაც შეუძლიათ მიაწოდონ პროკურატურას დაკითხვის ოქმი:
„ჩვენ იმიტომ გვინდა პროკურატურას მივცეთ ჩვენება, რომ პროკურატურამ საქმეზე ჭეშმარიტი ძიება დაიწყოს, თორემ ჩვენ შეიძლება გამოკითხვის ოქმი გავაკეთოთ ან გაკეთებული გვქონდეს, დათქმულ ვადებში შეიძლება გავცვალოთ კიდევაც. ჩვენ ჩვენი დაცვის ტაქტიკას განვახორციელებთ კიდეც და არ გვჭირდება მათი სწავლება, ჩვენ როგორ დავიცვათ მამა გიორგი მამალაძე. აქ მეორე საკითხია: ჩვენი ინფორმაციის მიწოდება რამდენად არის მნიშვნელოვანი და რატომ წელავენ და რატომ არ უნდათ ჩვენი ინფორმაციის მიღება“.
დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკითხვას რამდენიმე დღის განმავლობაში ითხოვდა. 24 თებერვალს გამომძიებლებმა მას ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშები აუღეს, რის შემდეგაც მისი დაკითხვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა, როგორც გამომძიებლებმა განმარტეს, დროის სიმცირის გამო 24 თებერვალს დეკანოზი აღარ დაუკითხავთ.
24 თებერვალს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისგან განსხვავებით, 27 თებერვალს მიმდინარეპროცედურებს პროკურორების სხვა ჯგუფი ატარებდა, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის, ჯარჯი წიკლაურის, ხელმძღვანელობით. მისი თქმით, 5-ჯერ ჰქონდა პროკურატურას გიორგი მამალაძის დაკითხვის მცდელობა, თუმცა ბრალდებულის მხრიდან, სხვადასხვა მიზეზით, ეს ვერ განხორციელდა:
„არაერთხელ შევთავაზეთ მას მოეცა ჩვენება და ყველა ჯერზე გვითხრა უარი. იმედია, დღეს მაინც გასცემს პასუხს დასმულ შეკითხვებს. ადვოკატების მხრიდან ამ თემაზე ატეხილი ხელოვნური აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენ გავაჭიანურეთ დაკითხვა, და აბსურდული ეჭვები, რომ შაბათ-კვირას რაიმე ზეწოლა მოხდებდა ბრალდებულზე, ეს არის მორიგი სიცრუე მათი მხრიდან. ადვოკატისთვის თუ ასე მნიშვნელოვანი იყო ჩვენება, მას თავად შეეძლო გამოეკითხა ბრალდებული, როგორც დაცვის მხარეს, - არავინ უკრძალავდა ამას, - და წარმოედგინა გამოძიებისთვის“.
მე ვფიქრობ, რომ სწორედ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არის პრობლემა, ისევე როგორ საპროცესო უფლებების განუმარტაობა და, ზოგადად, ამ საპროცესო უფლებების დარღვევა ნებისმიერი ბრალდებულის შეთხვევაში, ისევე როგორც თანასწორუფლებიანობის და შეჯიბრებითობის პრონციპის დარღვევა არის სერიოზული პრობლემა...უჩა ნანუაშვილი
რაც შეეხება საქმის მტკიცებულებათა გასაჯაროებას, რასაც დაცვის მხარე ითხოვს, მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ, რომელიც დღეს პარლამენტში იმყოფებოდა საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც განიხილებოდა სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების საკითხი, განაცხადა, რომ ამის თაობაზე გადაწყვეტილებას პროკურატურა მიიღებს, თუმცა ჯერ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მისი თქმით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ძალიან ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია ვრცელდება:
„არც ერთი ნაბიჯი პროკურატურის მიერ, რომელიც არ ჯდება კანონის ფარგლებში, არ გადადგმულა ამ გამოძიებაში და არც ერთ სხვა საქმეში, რომელსაც პროკურატურა ბოლო 4 წლის განმავლობაში აწარმოებს. შესაბამისად, საპატრიარქოს მიეწოდა ზოგადი ინფორმაცია გამოძიების შესახებ... ამ საქმესთან მიმართებით ინტერპრეტაცია ხდება არასწორი ბევრი მიმართულებით“.
გიორგი გოგაძემ სახალხო დამცველსაც უსაყვედურა მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმის მონიტორინგს ახორციელებს და, გიორგი გოგაძის თქმით, უჩა ნანუაშვილის განცხადებები საქმის ინტერესებს აზიანებს:
„სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენ მიერ შეთავაზებული თანამშრომლობის ასეთი მაღალი ხარისხისა, ბოლო დღეებში კეთდება ისეთი განცხადებები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს და იმ საქმეში საპროცესო დარღვევებსა თუ კონკრეტული ბრალდებულის დაცვის უფლების მოსპობაზე საუბარს, მე ველოდებოდი თქვენგან ინფორმაციის გამოთხოვას, რომელიც ჯერ არ მოგვსვლია, თქვენ კი აცხადებთ, რომ სწავლობთ ამ საკითხს და ისეთ განცხადებებს აკეთებთ, რაც, პრინციპში, საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ აღქმაზე გავლენას ახდენს“.
უჩა ნანუაშვილმა მთავარი პროკურორის მოადგილეს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზევე უპასუხა და განაცხადა, რომ ამ „რეზონანსულ და სკანდალურ საქმეში“ ბევრი პროცესუალური დარღვევაა, მათ შორის დარღვეულია უდანაშაულობის პრეზუმფცია:
„მე ვფიქრობ, რომ სწორედ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არის პრობლემა, ისევე როგორ საპროცესო უფლებების განუმარტაობა და, ზოგადად, ამ საპროცესო უფლებების დარღვევა ნებისმიერი ბრალდებულის შეთხვევაში, ისევე როგორც თანასწორუფლებიანობის და შეჯიბრებითობის პრონციპის დარღვევა არის სერიოზული პრობლემა, რომელიც კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის პროკურატურის მიმართ ნდობის გაზრდასთან დაკავშირებით და ამაზე ჯობს ვისაუბროთ, ვიდრე ის, რომ სახალხო დამცველის განცხადებებემა რაიმე სახით იმოქმედეს ან არასწორად მოხდა რაიმე საკითხთან მიმართებით განცხადების გაკეთება“.