Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეობარი და სისხლიანი ოპერეტა


2003 წლის ნომებერში, თუ არ ვცდები, ერთადერთი დასავლური გაზეთი, რომელმაც კრიტიკულად შეაფასა საქართველოში განვითარებული მოვლენები, ბრიტანული ”გარდიანი” იყო. ”ოპერეტა-რევოლუცია” უწოდა მემარცხენე გაზეთმა ”ვარდების რევოლუციას”.

მახსოვს, როგორ აღვშფოთდით - რუსეთის და ”გაზპრომის” კვალის ძიება დავიწყეთ. თუმცა ისიც მახსოვს, როგორ გვეღიმებოდა ამ სიტყვაზე - ე.ი. არა ოპერა, არამედ ”ოპერეტა”, არა ”რევოლუცია”, არა ძირეული ცვლილება, არამედ რევოლუციის მსუბუქი, ”მასკულტურული” გამოვლენა, ერთგვარი პოპრევოლუცია.

ამდენი წელი გავიდა და ოპერეტამ და მიუზიკლმა მართლაც ძლიერად დაიმკვიდრა ადგილი ქართულ კულტურულ სივრცეში. იმდენად, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი საპატიო სტუმრები ”ქეთო და კოტეს” პრემიერაზე დაჰყავდა, იმდენად, რომ მთელი ამ ეპოქის ხელოვნების მთავარი კულტურული სახე, მისი სიმბოლო გახდა სწორედ მიუზიკლის, - მე ვიტყოდი, უფრო ოპერეტის, - მსახიობი და მომღერალი სოფო ნიჟარაძე. ის სოფო ნიჟარაძე, რომელმაც ორი დღის წინ განაცხადა, ”ვერის უბნის მელოდიების” ჩვენება იმიტომ შევწყვიტეთ, რომ მოვლენების ეპიცენტრში (ფილარმონიაში) აღმოვჩნდითო.

სიმბოლურია, რომ ”ოპერეტა”, რომელსაც მთელი ეს წლები უწევდა პროპაგანდას საქართველოს ხელისუფლება, აღშფოთებულმა საზოგადოებამ ”გააჩერა”. ძალიან სიმბოლურია ეს! საზოგადოებამ გააჩერა ტოტალური იმიტაცია, რომელიც ჩვენი ყოფის ატრიბუტი გახდა - იმიტაცია ჯარის, იმიტაცია დემოკრატიის, იმიტაცია ქრისტიანობის, იმიტაცია კულტურის... იმიტაცია უმანკოების. საზოგადოებამ უთხრა ხელისუფლებას: ”მიგიხვდით, ეს არაა ოპერა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ოპერეტაა!”

არადა, მართლა რამდენი იმუშავეს, რამხელა ძალისხმევა დასჭირდათ.

იმავე რევოლუციიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ში ტოკ-შოუ ”ფსიქოს” შესაძლებელ დახურვაზე დაიწყო ლაპარაკი, ამიხსნეს, რომ ქვეყანას აღარ სჭირდებოდა ეს დისკუსიები, რომ ”ხალხი დაიღალა” და რომ ქართულ საზოგადოებას ”მაღალი ხარისხის გართობა” (ეს სიტყვები კარგად მახსოვს) სჭირდება. არადა, სწორედ რევოლუციის შემდეგ ვიგრძენით ამ გადაცემის საჭიროება - ”ფსიქოს” ქუდში სისხლი ირეცხებოდა, აგრესია წყლის დინებას მიჰყვებოდა; სისხლი და ზიზღი იცვლებოდა აზრთა გაზიარებით, დისკუსიით, კოლექტიური ფიქრით, რაც - ამაშიც სრულიად დარწმუნებული ვიყავით - არაჩვეულებრივი საშუალება იყო ტოტალიტარული ცნობიერებისგან განთავისუფლებისთვის, იმისათვის, რომ ”საბჭოთა ქართველი” ნელ-ნელა გადაქცეულიყო თავისუფალ, მოაზროვნე პიროვნებად, იმისათვის რომ ქვეყანაში დაწყებულიყო სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა.

არაჩვეულებრივი საშუალება იყო პირადაად ჩემთვის - მეტი გამეგო ადამიანებზე და ადამიანთა ურთიერთობებზე, გამოვსულიყავი დეკადენტური ესთეტიზმის მარწუხებისგან (რასაც ჩემი ცხოვრების მთავარ პრობლემად მივიჩნევდი ყოველთვის) და სიცოცხლის დინების გემო მეგრძნო.

მოკლედ, სასიამოვნო იყო ეს განცდა - გაზრდის და სიცოცხლის ”დაყნოსვის” განცდა.

მაგრამ გადაცემა მოიხსნა. ”ფსიქო” შეცვალა რეალიტი შოუმ, რომელიც სრულიად ახალი რაღაც იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამ გადაცემამ, რომელსაც ”ჯეობარი” ერქვა, მართლაც ყველა რეიტინგი მოხსნა. ”ჯეობარს” ლანძღავდნენ. ეკლესიამ, რომელიც მანამდე ”ფსიქოს” ყურებასა და მისი აკრძალვის მოთხოვნაზე ხარჯავდა დროს, ახლა ”ჯეობარს” გამოუცხადა ომი.

”ჯეობარი” მთლიანად შედიოდა ახალი ხელისუფლების სტრატეგიაში. რეალიტი-შოუსთვის დამახასიათებელი ”ოპერეტულობა”, ანუ სიცოცხლის იმიტაცია, ქართული პუბლიკის უფრო დახვეწილ, უფრო ოსტატურ მანიპულაციას განაპირობებდა.

ხელისუფლებამ დაიწყო ძალიან მწვავე, რადიკალური რეფორმები. მაგრამ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტელევიზიებში საზოგადოებას ამ რეფორმებზე მსჯელობის საშუალება მთლიანად წაართვეს. იმხანად ”ოპოზიციურად” მიჩნეულ პატარკაციშვილის ”იმედზე” გადიოდა ჯანრი კაშიას გადაცემა, რომელიც დახურეს დაბალი რეიტინგის გამო. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ მაყურებელს მართლაც ნაკლებად აინტერესებდა ეს დისკუსიები.

ქართველი მაყურებელი ”ჯეობარით” ერთობოდა. მოსწონდა ეს ფარული კამერა და სიამოვნებდა თვალთვალის პროცესი. მოსწონდა მეგობრობის ეს იმიტაცია (ეს ხალხი ერთმანეთის გაგდებისთვის იღწვოდა, რაც, ცხადია, სრულიად გამორიცხავდა ნამდვილ მეგობრობას)... კი, ვიცოდი, რომ ასეთი პროგრამები სხვა ქვეყნებშიც პოპულარული იყო. ისიც ვიცოდი, რომ ამ ”რეალიტი შოუს” ძირები უძველესია; რომ ბორდელებში ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში იყო ”ფუღუროები”, საიდანაც სექსუალურ აქტს უთვალთვალებდნენ და ეს სიამოვნება უფრო ძვირი ღირდა. მაგრამ ასეთი შემართება, ერთი სატელევიზიო პროგრამით ასეთი მონუსხვა, მგონი, მაინც მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში შეიძლებოდა გამოხატულიყო; საზოგადოება, რომელიც მიჩვეული იყო მანიპულაციებს, ერთი გადაცემით ცხოვრობდა. მართალია, მოგვიანებით სხვა პოპულარული პროგრამებიც გაჩნდა. ”ჯეობარი” მაინც კლასიკად იქცა - კარგად გაკეთებული, კარგად ”გაპიარებული” სატელევიზიო პროგრამა ვუიარისტი საზოგადოებისთვის!

”ვუიარიზმი” ჰიჩკოკოკმა ”კინემატოგრაფისტის დაავადებად” მონათლა. ფილმიც მიუძღვნა, ”ფანჯარა ეზოს მხარეს”, რომლის გმირს, ფეხმოტეხილ ჟურნალისტს, ცოცხალი მზეთუნახავი, გრეის კელის გმირი უმშვენებს გვერდს, მაგრამ ის მაინც მოპირდაპირე სახლის ფანჯრებში იჭყიტება. სიცოცხლის დინებაში მოქცევას - რაც ქმედებას, პასუხისმგებლობას, პოზიციას მოითხოვს, მას მხოლოდ და მხოლოდ ყურება ურჩევნია - სხვისი ცხოვრების თვალთვალი!

მოკლედ, ეს რეალიტი-შოუ ღვთისგან ბოძებული საჩუქარი იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის. პუბლიკას მიართვეს სიცოცხლის იმიტაცია. თავად ხელისუფლებამ კი სწრაფი ქმედება დაიწყო, მისთვის დამახასიათებელი ქედმაღლური სტილით და ოპონენტებთან (საბედნიეროდ, დროდადრო ასეთი ხალხიც გამოჩნდებოდა ხოლმე), იმის მტკიცებით, რომ ”ხალხი ბნელია” და რამეს რომ დაეკითხო, ამით შეფერხდება რეფორმები.

ის, რაც ქედმაღლობამ უქნა ხელისუფლებას, ცალკე თემაა და ამაზე ჩემს მეგობრებს თავის ბლოგებზე არაერთი ჩანაწერი გამოუქვეყნებიათ. ქედმაღლობამ ნელ-ნელა დააპატარავა ეს წრე, გადაიზარდა პერვერსიულ ნარცისიზმში, რომელმაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ქვეყანას.. მაგრამ საზოგადოებას რაღა მოუვიდა? ყველას თუ არა, მის ნაწილს? თუნდაც მე? რატომ გახდა აუცილებელი ფარულად გადაღებული კადრების ხილვა იმისთვის, რომ დეკადენტური ესთეტიზმის მარწუხებისგან გავთავისუფლებულიყავი?

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, კაპუცინების ბულვარზე მოწყობილი პირველი კინოსეანსის დროს, პუბლიკამ ისტერიულად დატოვა სკამები, როცა ეკრანზე ლიუმიერების მატარებელი გამოჩნდა. ტრავმა, დარტყმის შიში იყო პირველი კინემატოგრაფიული რეაქცია. დღეს დასავლელ მაყურებელს ასეთი ატრაქციონებით ვეღარ გააკვირვებ. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს კინოგამოსახულება, ასეთი იდენტიფიკაციები ვეღარ ხდება. პუბლიკის მანიპულაცია ასეთი სახით შეუძლებელია.

რეაქცია, რომელიც ჩვენ გვქონდა ციხეში გადაღებულ ამაზრზენ კადრებზე (მათ შორის ნაცმოძრაობის მხარდამჭერებზეც კი, ვისაც არ შეეხო გასამხედროებული პარტიული დისციპლინა), ცხადყოფს, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ინფანტილური ვუიარიზმის მარწუხებში ვიმყოფებით. ჩვენ გვიყვებოდნენ პატიმართა წამებაზე, გვიჩვენებდნენ ამ წამების ამსახველ სურათებს, მაგრამ რეალურად შოკი მხოლოდ მაშინ განვიცადეთ, როცა ვნახეთ ”სისხლიანი რეალიტი შოუ”. მხოლოდ ახლა გაგვიჩნდა პროტესტის გრძნობა, მხოლოდ ამ ტკივილის განცდამ გამოგვიყვანა გარეთ. ლიუმიერების კინოსეანსით შეშინებული მაყურებელივით. რადგან ჩვენ, ქართული საზოგადოების ეს ნაწილი, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულში ვიმყოფებით. ძალიან შორს ვართ იმისგან, რასაც ”დღევანდელი ცივილიზაცია” ჰქვია. ჩვენ ოპერეტა გვირჩევნია ყველაფერს, რადგანაც უფრო კომფორტულია იმის შეგრძნება, რომ ”ყველაფერი კარგადაა”.

მაგრამ ისტორია, - თუ გნებავთ, ამას ”ღმერთი” უწოდეთ, - სამართლიანიცაა ხანდახან და თავისი კანონზომიერებები აქვს. მოხდა ისე, რომ ”ვარდების ხელისუფლების” მიერ შემოტანილი და დამკვიდრებული ოპერეტა-პოლიტიკა, ეს ეფექტური ”ჯეობარი” ამავე ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ამოქმედდა („დადგმულიაო”, უკვე ამბობენ ხელისუფლების მომხრეები ამ კადრებზე) ჰოდა სწორედ ” რეალიტი შოუ” აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შოკი. ხელისუფლებას ტყვია სწორედ იმ სივრციდან ესროლეს, რომელსაც თავად აშენებდა მთელი ამ ხნის მანძილზე - სისხლიანი ოპერეტიდან!
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG