12 თებერვალს, ფედერალურ კრებაში გამართული კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რომ ევროპული პოლიტიკის ლიდერი სახელმწიფოსპრეზიდენტის პოსტზე იოახიმ გაუკს შეცვლის გამოცდილი პოლიტიკოსი და დიპლომატი, 61 წლის სოციალ-დემოკრატი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. საერთაშორისო პოლიტიკის ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების გარდა, როგორებიცაა მოლაპარაკებები საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაში, შტაინმაიერის სახელთან არის დაკავშირებული სამშვიდობო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას. გასული წლების განმავლობაში ის რამდენიმეჯერ ეწვია საქართველოს და დაადასტურა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი თავისი მხარდაჭერა.
გერმანიის ახლ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, რომელსაც წინა წლებში ეკავა როგორც გერმანიის ვიცე-კანცლერის, ისე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი, ფედერალური კრების 1260 წევრიდან 931 მიემხრო. ამის შესახებ საზოგადოებას ამცნო ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ნორბერტ ლამერტმა.
12 თებერვალს გამართული კენჭისყრის დასრულებისთანავე, გამარჯვებულმა კანდიდატმა ისაუბრა გერმანიის სანიმუშო როლზე დემოკრატიული ღირებულებების დაცვის საქმეში: „როცა (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი) თეოდორ ჰოისი პარლამენტის პირველ გაერთიანებულ სხდომაზე გამოდიოდა, ხალხი ჯერ კიდევ ცდილობდა ომისა და დიქტატურის შედეგებთან გამკლავებას. ის ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას - დემოკრატიას, რომელსაც იმხანად მარტო გერმანიის დასავლეთ ნაწილში შეეძლო მტკიცე საყრდენის ქონა. და, ქალბატონებო და ბატონებო, თუ ეს საყრდენი სადმე სხვაგან სტაბილურობას კარგავს, ჩვენ მას მით უფრო მტკიცედ უნდა ვუერთგულოთ.“ ეს სიტყვები გერმანიის ახალ პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელიც მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 19 მარტიდან შეუდგება.
სამართლის მეცნიერებათა დოქტორი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის სამთავრობო პოლიტიკურ სისტემაში გერჰარდ შრიოდერის კანცლერობის პერიოდში გამოჩნდა. 1998 წლიდან მოყოლებული, მან იმსახურა დაზვერვის სამმართველოს განყოფილების აღმასრულებელ პოზიციაზე, ასევე კანცლერ შრიოდერის ადმინისტრაციის უფროსად. მოგვიანებით, ორგზის შეასრულა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობა. იმსახურა ვიცე-კანცლერადაც ქრისტიან-დემოკრატ ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციურ მთავრობაშიც.
გერმანია საპარლამენტო რესპუბლიკაა, რაც პრეზიდენტის სიმბოლურ, ცერემონიულ როლზე მიანიშნებს. ქვეყნის კონსტიტუციით, პრეზიდენტს ეკისრება ხელის მოწერა საერთაშორისო ხელშეკრულებებზე და მონაწილეობა მაღალი რანგის დიპლომატიურ შეხვედრებში. ამ მხრივ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის, როგორც საგარეო ურთიერთობების გამოცდილი სპეციალისტის, ბიოგრაფია შთამბეჭდავია.
ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ყოფილმა პასტორმა და უფლებადამცველმა იოახიმ გაუკმა თავისი პოლიტიკური მემკვიდრე ასე დაახასიათა: „ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სახელი ყოველთვის იქნება დაკავშირებული გერმანიის საგარეო პოლიტიკასთან. ის გახლავთ სინონიმი სიმტკიცისა, იმ სიმტკიცისა, რომელიც საჭოროა მოლაპარაკების, შუამავლობისა და დარწმუნებისთვის.“
ეს სიტყვები იოახიმ გაუკმა 27 იანვარს, მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას წარმოთქვა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ შტაინმაიერმა თავისი მტკიცე ხასიათი დაამტკიცა ირანთან მოლაპარაკებების დროს და ასევე, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომში შუამავლის როლის შესრულებით.
2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში, სამთავრობო ძალებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის კონფლიქტის დაწყების პირველივე ეტაპზე შტაინმაიერი საუბრობდა დამატებითი ზომების აუცილებლობაზე, რომელთაც რეალური შედეგი უნდა მოეტანა კონფლიქტის განმუხტვის საქმეში: „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყოველი დღე, რომლის მსვლელობაშიც ვერ ვახერხებთ ნაბიჯების გადადგმას ვითარების განმუხტვის მიმართულებით, სულ უფრო გვაშორებს ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებებს.“
2016 წელს მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, შტაინმაიერმა შეცდომა უწოდა მოსაზრებას, თითქოს მსოფლიო „ცივ ომში“ იყოს გახვეული. მისი თქმით, „მიმდინარე მოვლენები განსხვავებული და უფრო სახიფათოც კია“. შტაინმაიერი წინააღმდეგი იყო „ბრექსიტისა“, ანუ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებისა. მიმდინარე წლის საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მან „სიძულვილის მქადაგებლად“ მოიხსენია. 22 იანვარს გერმანიის ერთ-ერთგამოცემაში შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ გერმანია მზად უნდა იყოს „არაპროგნოზირებადი და გაურკვეველი ვითარებისთვის“, რომელიც ტრამპის გაპრეზიდენტებას მოჰყვა. პუბლიკაციის თანახმად, შტაინმაიერმა გამოთქვა რწმენა, რომ ვაშინგტონში ჯერაც მრავლად არის ხალხი, რომელიც აცნობიერებს, რომ „პარტნიორები დიდ სახელმწიფოებსაც სჭირდებათ.“
წარსულში შტაინმაიერის სახელი ხშირად გაისმოდა, როცა საუბარი ეხებოდა საქართველო-ევროკავშირის, ან საქართველო-გერმანიის ურთერთობებს. თავისი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელის რანგში გერმანელი პოლიტიკოსი რამდენიმეჯერ ესტუმრა საქართველოს, მათ შორის შარშან ზაფხულში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრების ფარგლებში. მაშინ შტაინმაიერმა მტკიცედ დაუჭირა მხარი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებას. სწორედ გერმანიის ახალი პრეზიდენტის სახელთან არის დაკავშირებული ე.წ. „სამეტაპიანი სამშვიდობო გეგმა“, რომელიც მიზნად ისახავდა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას. დოკუმენტში, რომლის შესახებაც საზოგადოებამ 2008 წლის ივლისში, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე გაიგო, აღწერილი იყო აფხაზეთთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის სამი ძირითადი ეტაპი: პირველ ეტაპზე საქართველოს საჯაროდ უნდა ეთქვა უარი ძალის გამოყენებაზე, რის სანაცვლოდაც აფხაზეთი ნებას დართავდა ქართველ ლტოლვილებსა და იძულებით ადგილნაცვალ პირებს, დაბრუნებულიყვნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამას უნდა მოჰყოლოდა ერთობლივი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობდა აფხაზეთის რეგიონის გარდაქმნასა და განვითარებას. აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის კი გეგმაში განსაზღრული იყო მესამე ფაზა.
2008 წლის ივლისში შტაინმაიერმა შეხვედრები გამართა თბილისში, სოხუმსა და მოსკოვში. 17 ივლისს თბილისში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მან ისაუბრა გერმანიის როლზე საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების საქმში: „გერმანია დიდი ხანია ცდილობს, ხელი შეუწყოს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, ისეთ მოგვარებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე იქნება დამყარებული.“ ეს გეგმა კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეებისთვის მიუღებელი გამოდგა, რასაც დაემატა აგვისტოს ომი და დაძაბულობის გაღრმავება.
გერმანიისა და, საერთოდ, ევროპის პოლიტიკური მომავლის განსაზღვრაში მნიშვნელოვნ როლს შეასრულებს კიდევ ერთი საარჩევნო მარათონი, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში, გერმანიის ახალი კანცლერის არჩევით დასრულდება. ამ პოსტის დასაკავებლად, კონსერვატორ ანგელა მერკელთან ერთად იბრძვის შტაინმაიერის თანაპარტიელი, ევროპის პარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, სოციალ-დემოკრატი მარტინ შულცი.