Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 4 აპრილი, 2012


მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, რომელიც დღეს წერს სომხური სათვისტომოს ინიციატივაზე, ავლაბარში გენოციდის მემორიალი დაიდგას. მერიიდან თანხმობა 2 წლის წინ მივიღეთ და ახლა მხოლოდ საკრებულოს პასუხს ველოდებითო, - ამბობენ სათვისტომოში. სათვისტომოს წარმომადგენელმა კარინა ბარსეგიანმა ”რეზონანსს” თურქეთის შესაძლო რეაქციაზე ეს უთხრა: ”რაც შეეხება გენოციდის აღიარებას, ეს პოლიტიკური საკითხია. რა თქმა უნდა, თურქეთს საქართველოს ნაბიჯი არ მოეწონება, მაგრამ როცა ძეგლზე ვსაუბრობთ, მას უფრო ისტორიული დატვირთვა აქვს და ეს არ არის საკანონდებლო ინიციატივა. ძეგლზე, ჩემი აზრით, აგრესიული რეაქცია არ უნდა ჰქონდეთო.”

ქართული გაზეთები დღეს ბევრს წერენ ახლად დაარსებულ ”ამომრჩეველთა ლიგასა” და ამ ორგანიზაციის მომავალ გეგმებზე. აქცენტებს უფრო ქუჩის აქციებზე აკეთებენ. ”ვერსიას”, მაგალითად, მოწინავე სტატიის სათაურად აქვს გამოტანილი ფრაზა: ”ხალხს აქვს აჯანყების უფლება”. ეს კოკა გუნცაძის ნათქვამია - მასთან აქვეყნებს იტერვიუს გაზეთი. ის ამბობს: ”აქციები ჩვენი თვითმიზანი არ არის, მაგრამ ამომრჩევლის ხმებს ყველა დასაშვები საშუალებით დავიცავთ. როცა ხელისუფლება არჩევანის უფლების უზურპაციას ახდენს, მაშინ ხალხს აჯანყების უფლება აქვსო”.

”ლიგის” კიდევ ერთ წევრთან, გოგა ხაინდრავასთან ინტერვიუს კი ”კვირის პალიტრა” აქვეყნებს. ის ”ამომრჩეველთა ლიგისა” და ”ქართული ოცნების” შესაძლო სამომავლო კავშირებზე ლაპარაკობს და ამბობს, ურთიერთობის საკითხზე კოალიციას ჯერჯერობით არ დავლაპარაკებივართო, თუმცა ის ასევე ამბობს: "ამჟამინდელ ვითარებაში, როდესაც ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდა, რომელიც ყველა ასპექტში ჯაბნის "ნაციონალურ მოძრაობას", მიგვაჩნია, რომ ჩვენი გამოცდილება სწორედ იქ არის საჭირო, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ქართველ საზოგადოებას, ეს არის საარჩევნო ინფრასტრუქტურა და პროცესი, სადაც ყველაზე მეტად ვლინდება ხელისუფლების ბოროტმოქმედებაო”. გოგა ხაინდრავასთან ”კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული ინტერვიუს სათაურია: „პოლიტიკურად მომაკვდავი სააკაშვილის ბოლო კითხვა იქნება: შენც, ვანო?!", იმიტომ რომ ხაინდრავა ამბობს, ვანო მერაბიშვილი სააკაშვილს აუცილებლად უღალატებსო.

შინაგან საქმეთა მინისტრზე ლაპარაკობს ”ახალი თაობისათვის” მიცემულ ინტერვიუში თავმჯდომარე ფრაქციისა "ერთობა სამართლიანობისათვის" დიმიტრი ლორთქიფანიძე. ის მერაბიშვილის პარლამენტში მიუსვლელობაზე ჩივის და ამბობს: ”ბატონ ივანე მერაბიშვილს, რა თქმა უნდა, სერიოზულ კითხვებზე მოუწევდა პასუხის გაცემა. ეს კითხვები მას 16 დღით ადრე გავუგზავნეთ და საქმის კურსში იყოო“. დიმიტრი ლორთქიფანიძე ამატებს: „თუ ისინი კვლავ არ მოვლენ, დავიწყებთ მათი იმპიჩმენტის პროცედურას. უნდა გააცნობიერონ, რომ საკანონმდებლო ორგანოზე უფრო მნიშვნელოვანი ადგილი არ არსებობს. პარლამენტი კონსტიტუციურად არის ვალდებული, დააწესოს კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. აქედან გამომდინარე, მინისტრი ვალდებულია, გამოცხადდეს და ყველა მნიშვნელოვან კითხვას გასცეს პასუხიო“.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG