Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 7 ივნისი, 2012


მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, რომელიც დღეს ჰილარი კლინტონის ვიზიტის თემას უბრუნდება, კერძოდ, გაზეთი წერს ამერიკის ინიციატივაზე, ცნოს სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის. გაზეთი წერს, რომ ექსპერტები ამ პასპორტების შემოღებას დადებითად აფასებენ. ”იქ მყოფი მოსახლეობის იზოლაციას რუსეთი ვეღარ მოახდენს და კიდევ უფრო მოიმატებს იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ასეთი პასპორტების აღება უნდაო”, - უთხრა გაზეთს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიამ. თუმცა ექსპერტების დიდი ნაწილი, ”რეზონანსის” თქმით, ასევე სკეპტიკურად უყურებს ამ პასპორტების გავრცელების პერსპექტივებს. ”"რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობისთვის ამ პასპორტების აღება მიუწვდომელი იყოს. ტექნიკურადაც ძალიან რთული იქნება ამ დოკუმენტის აღება. შეიძლება თავგადაკლულმა ადამიანმა, რომელსაც უნდა აშშ-ში მოხვედრა, გადადგას ეს სარისკო ნაბიჯი და გააკეთოს პასპორტი, მაგრამ ის, რომ ეს მასობრივად მოხდეს, გამოვრიცხავო”, - უთხრა გაზეთს ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ.

”ახალი თაობა” წერს, ყევლაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეკითხვა დღეს არის, რას აპირებს პრეზიდენტი სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ და შეკითხვა ისევ პასუხგაუცემელიაო. ”როგორც ჩანს, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რადგან ძალიან ბევრი ფაქტორი იყრის თავს ამ საკითხის გარშემო”, - უთხრა გაზეთს ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ. - ”თავს იყრის ერთდროულად შიდა და გარე ფაქტორები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შიდა ფაქტორი სურვილია. ახალგაზრდა, ენერგიით სავსე პოლიტიკოსს წასვლა არ უნდა, პენსიონერად ყოფნა არ უნდა, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობები ისე დალაგდება, რომ სააკაშვილს ამ პუნქტში კრიტიკა მოაკლდება, მან შეიძლება პრემიერ-მინისტრობის შანსიც შეინარჩუნოს და დასავლეთის სიმპათიაც, ერთდროულადო.”

”ალია” კი 10 ივნისს დაგეგმილ აქციაზე წერს, რომელსაც ქუთაისში ”ქართული ოცნება” აწყობს. ”აქციის ჩასაშლელად ხელისუფლებასა და პროკურატურას არავითარი ბერკეტი, მათ მიერ მიღებული უკანონო კანონებითაც კი, არ აქვთო”, - უთხრა გაზეთს თინა ხიდაშელმა და დასძინა, ”თუმცა მათი ამოცანა სწორედ აქციის ჩაშლააო”. ის განაგრძობს: ქუთაისში ყველა უნდა მოვიდეთ და ყველა კარგად უნდა დავენახვოთ რამდენი ვართ, რათა ასეთი სისულელეებისგან ხელისუფლებამ თავი შეიკავოს. მათ ნახეს, რომ ქუთაისის აქცია თანაზომადი იქნება თბილისი აქციისა - ცხადია, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. ამიტომ პანიკაში არიან და გადაწყვიტეს ბავშვური ხერხები გამოიყენონო. ამას, ვიმეორებ, ”ალიაში” წაიკითხავთ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG